თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. „სამართლიან არჩევნებს“ საუბნო კომისიებში წარდგენილი აქვს 37 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში - 38 საჩივარი, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ვებგვერდზე.
„საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა სხვადასხვა პროცედურული დარღვევები, მათ შორის ნიშანდობლივია გადასატან ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები. 15-საათიდან ამ დრომდე პერიოდში სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევებს მასშტაბური სახე არ ჰქონია“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ არჩევნების მიმდინარეობის დროს დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
- ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა,
- ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა,
- სიტყვიერი დაპირისპირება უბანზე,
- გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები,
- საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება,
- სიასთან დაკავშირებული ხარვეზი,
- მარკირებით არჩევნებში მონაწილეობა,
- არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა.
პრეზიდენტის პოსტისთვის ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა და მმართველო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი.
ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იგებს.
ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ტელეკომპანია Rustavi 2-ის დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, 17:00 საათისთვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55 % მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 45%.