თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. კომპანია Omega Group-ის ერთ-ერთი მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის ადვოკატები გეგმავენ ლონდონის უმაღლეს სასამართლოში სარჩელის შეტანას და მმართველია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა მოითხოვონ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ყოფილი მინისტრი სარდაფში ჩაკეტეს და სცემეს: საქართველო ახალმა ფარულმა ვიდეოკადრებმა შეძრა >>
დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ოქუაშვილი, რომელსაც 52 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მის ბიზნესზე ზეწოლას ახდენს. შემოსავლების სამსახურმა აგვისტოში Omega Group-ში შემავალი კომპანია Omega Group Tobacco-ს ანგარიშები დააყადაღა.
ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ ის და მისი თანამშრომლები დავალიანების პრობლემის განხილვის მიზნით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდნენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ივანიშვილის სახლში შედგა, მილიარდერმა თითქოს ოქუაშვილს ვალის რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ 4 მილიონი ლარი სთხოვა.
სკანდალი Omega Group-ის ირგვლივ რამდენიმე თვე გრძელდება. Rustavi2 ოქტომბრის ბოლომდე თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებდა აუდიოჩანაწერებს, სადაც ოქუაშვილი ესაუბრება ყოფილ სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს, რომელიც მას სთხოვს დიდ თანხებსა და ძვირადღირებულ მანქანებს სხვა მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც მას ვალის რესტრუქტურიზაციაში უნდა დაეხმარონ.
მოგვიანებით ყიფიანმა განაცხადა, რომ ეს საუბრები დადგმული იყო და იწერებოდა იმისათვის, რომ ოქუაშვილის უცხოელ პარტნიორებს მისთვის ვალები ჩამოეწერათ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოქუაშვილს აუდიოჩანაწერების გამოყენება საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად შანტაჟის გზით სურდა.
Omega Group–თან დაკავშირებული აუდიოჩანაწერები მონტაჟი აღმოჩნდა >>
ოქუაშვილის ადვოკატის, კოლინ გიბსონის თქმით, ივანიშვილის გარდა მათ აქვთ კითხვები შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან, ყოფილ სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანთან, ყოფილ ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან ნოდარ ხადურთან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ანზორ ჩუბინიძესთან.
„ჩვენ მივწერეთ 6 პირს. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ანზორ ჩუბინიძე, ნოდარ ხადური, გიორგი გახარია და ლევან ყიფიანი. მათგან მხოლოდ ერთმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიპასუხა, რომელმაც მარტივად მოგვწერა, რომ მას არაფერი ჩაუდენია. ეს დადებით პასუხად არ ითვლება. დანარჩენებისგან კი საერთოდ არაფერი მიგვიღია. ახლა ლონდონის უმაღლეს სასამართლოში წარვადგენ სარჩელს“, - განაცხადა ბრიტანული იურიდიული ფირმა Fieldfisher-ის პარტნიორმა კოლინ გიბსონმა.
გიბსონის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები უარს იტყვიან სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მათი გამოკითხვა Skype-ს საშუალებით მოხდება.