თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათისათვის 56,23% შეადგინა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ >>
პრეზიდენტის პოსტისთვის ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი.
„20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 56,23% შეადგინა, რაც ჯამში 1 975 845 ამომრჩეველია, უცხოეთში ამომრჩეველთა აქტივობის ჩათვლის გარეშე. პირველი ტურის მონაცემებს თუ შევადარებთ, მაშინ 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 46,74% (1 637 956) შეადგინა“, - განაცხადა მიქელაძემ.
გრიგოლ ვაშაძე: ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია >>
საპრეზიდენტო არჩვენებზე ამომრჩეველთა გამოცხადების ზღვარი საქართველოში არ არსებობს. არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში არჩევნები შემდგარად მიიჩნევა. გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.