ჟინი ანთარი და ფუღუს კოკრები – საქართველოს ეთნოგრაფიული მახსოვრობა

© courtesy of Georgian National Museumეთნოგრაფიული მუზეუმი
ეთნოგრაფიული მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ როგორ ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა მავნებლებსა და საქონლის დაავადებებს, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე მოგითხრობთ.

არაერთი საინტერესო რიტუალია შემონახული საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში. ჩვენ წინაპრებს ღრმად სწამდათ იმ წეს-ჩვეულებებისა და რიტუალებისა, რომელთა გარეშეც მოსავლის აღება-დაბინავებას და ხვნა-თესვის, ან სხვა სამუშაოებს არ იწყებდნენ. ახალ წელს, შობას, აღდგომას და წლის სხვადასხვა დროს ატარებდნენ სპეციალურ რიტუალს, მიძღვნილს ოჯახის, ცხოველების, ყანებისა და ნათესების, მიწის, ვენახის, სიუხვის და ბარაქის დამცველი და მფარველი ღვთაებების, ანგელოზებისა და წმინდანებისადმი. მათი უმეტესობა დღეს ალბათ ღიმილს იწვევს.

ასეთ რიტუალებს მიეკუთვნება იმერეთში მავნებელი მღრღნელების, სამეგრელოში კი მეხისა და ჭექა-ქუხილის წინააღმდეგ ჩასატარებელი რიტუალები. ამ დროს სპეციალურად ცხვებოდა რიტუალური კვერები და იკითხებოდა შელოცვა.

მამა და შვილი - Sputnik საქართველო
მეგრელი კაცების მშობიარობის რიტუალი „მითორგინაფა“ – როგორ ინაწილებდა კაცი ქალის ტვირთს

სამეგრელოში საქონლის მეხისგან და დაავადებებისგან დასაცავად დიდი მარხვის აღების ღამეს ასრულებდნენ „ჟინი ანთარის“ ლოცვას. ჟინი ანთარი სამეგრელოში საქონლის მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. ამ დღეს კერაზე ღადარში აცხობდნენ რიტუალურ კვერს - ოთხკუთხედი ფორმის მოზრდილ მჭადს, რომლის შუაში კონუსის ფორმის ყველის ნაჭერი იყო ჩადებული. ვახშმის წინ ოჯახის უფროსი მამაკაცი კერასთან მივიდოდა, მჭადს ნაცარს და სუროს მოაცლიდა, კვერს იქვე ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭრიდა და ანთარს ლოცვას წარმოუთქვამდა, საქონლის გამრავლებას და ოჯახის მფარველობას ევედრებოდა.

სამეგრელოში განსაკუთრებით ეშინოდათ ჟინიშის (მეხი). თუ საქონელს მეხი დაეცემოდა, ითვლებოდა, რომ ჟინი ანთარი გაუწყრა ოჯახს და სასჯელი მოუვლინა მეხის სახით. ამ დროს ატარებდნენ სპეციალურ რიტუალს. მეხდაცემულ საქონელს პატრონი ხელს არ ახლებდა, არც წუხდა მის გამო. მოიყვანდნენ „მახვამალს“ (მლოცველს), რომელიც მივიდოდა მეხდაკრულ საქონელთან, დაკლავდა ციკანს, რძეში მოხარშავდა და თითონვე ჭამდა. თან სპეციალურ ლოცვას ატარებდა და წმინდა გიორგის ევედრებოდა ეპატიებია შეცოდება ოჯახისათვის. შემდეგ მეხდაცემულ საქონელს სხვას დაამარხვიებდა. წარმართული ბუნების ჟინიშის სალოცავად მეხდაკრულ ხესთან ციკანთან ერთად მიჰქონდათ ხოზოკვარი - რიტუალური კვერი. ჭვავის, ან ხორბლის ფქვილგარეულ სიმინდის ცომს შუაში ჩაუდებდნენ ყველს, წააგრძელებდნენ და ბოლოში თითისტარისებურად წაწვეტებულს რძეში ხარშავდნენ. ხოზოკვართან ერთად რძეში ხარშავდნენ 3, ან 5 პატარა ყველიან კვერს, რომელიც ვარსკვლავების სიმბოლო იყო.

მამაკაცი საყურით - Sputnik საქართველო
საკაცო საყურე: ახალი თუ კარგად დავიწყებული ძველი?

იმერეთში მავნებელი მღრღნელების წინააღმდეგ შავ ორშაბათს, როცა დამარხვდებოდა, ზიარების დღეს, პურის ცომისგან აცხობდნენ რიტუალურ კვერებს – ფუღუს კოკრებს. ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში ვკითხულობთ: „ვაცხობდით ფუღუს კოკრებს, ისე ოთხფეხს, ბრტყელს, ისე კუდს, ისე ღორივით ტუჩს გოუკეთებდით. ჩვენს ეზოს გადაღმა გადავიდოდა მამაკაცი და დაიწყებდა ლოცვა-ვედრებას, „ხვეწნას“ ფუღუზე: „ააა ფუღუ! ფუღუ! ფუღუ წვერი, ჩემს ეზოსა დეეთხოვე, სხვის ეზოსა უკუძვერი“, თან ჭამდა ამ ფუღუს თვალჭუტე, სანამ არ გათავდებოდა“.

ყანების დასაცავად კი ასეთი შელოცვა სცოდნიათ: „ფუღუ, ფუღუ წვერი, ააა სხვისი ადგილი და უძველი. ჩემს ადგილსა გეეყარე სხვის ადგილსა უძვერიო“. მამაკაცები თან ჭამდნენ ფუღუს კოკრებს და თან ასე ულოცავდნენ. სწამდათ, რომ ეს შელოცვა ყანებს და ნათესებს მავნებელი მღრღნელებისგან დაიცავდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0