თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარდება. მან ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.
საქართველოს მოსახლეობას 28 ნოემბერს მოუწევს არჩევანის გაკეთება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ინტერესებს წარმოადგენს. კენჭისყრა, საქართველოს გარდა, კიდევ 39 ქვეყანაში გაიმართება.
„2012 წლიდან, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ყველა არჩევნები სტანდარტების დაცვით ჩატარდა. ეს აისახა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებაში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მთავარი მიღწევა იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. მეორე ტურიც ჩატარდება ყველა სტანდარტის დაცვით, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო არის შედგარი დემოკრატია“, – განაცხადა ბახტაძემ.
რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, ჩვენ ვერ ვნახეთ ევროპული სტილის კამპანია, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
„მიუხედავად ამისა, მინდა განვაცხადო, ნურავის ექნება ილუზია, რომ დისონანსს შეიტანს ჩვენს ცხოვრებაში. 28 ნოემბერს ქარველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ხალხი იქნება ერთადეთი, ვინც მიიღებს გააწვეტილებას, თუ ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. მინდა ყველას მოვუწოდო, მაქსიმალურად იაქტიურონ არჩევნებზე“, – განაცხადა ბახტაძემ.
არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციის მოწყობას აპირებს, ხოლო თავად ოპოზიციურ პარტიაში ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გამარჯვებისთვის ემზადებიან და სხვა სცენარებს არ განიხილავენ.
კენჭისყრის თარიღის დანიშვნამდე პოლიტტექნოლოგმა ვიტალი შკლიაროვმა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო შტაბში მუშაობს, თავის ბლოგში დაწერა, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დეკემბერში „ცვლილებების ნამდვილი დემოკრატიული „რევოლუცია“ მოხდება.