თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
წნორის მოსახლეობასა და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა პრემიერ-მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მიულოცეს.
„რეგიონების მოსახლეობისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ისეთი სერვისები, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა... დღეს წნორში ვხსნით საზოგადოებრივ ცენტრს, რაც ნამდვილად კარგი საჩუქარია წნორის მოსახლეობისთვის. ეს საზოგადოებრივი ცენტრი უზრუნველყოფს ზუსტად ისეთივე ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფას, როგორც ეს ხდება ჩვენს დიდ ქალაქებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
წნორის საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეათეა, რომელიც ქალაქის ახლოს მდებარე 13 სოფლის 30 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.
ადგილობრივებს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ.
„პირველ რიგში, ახალგაზრდებს მივულოცავ, რადგან მათთვის აქ გვაქვს ელექტრონული ბიბლიოთეკაც... იქ, სადაც ახლა ვდგავართ, უკვე არის უკაბელო ინტერნეტი, ეს სწორედ „მაგთის“ დამსახურებაა, მადლობა მათ. ხანდაზმულები სხვა სერვისებთან ერთად, აქვე მიიღებენ პენსიას ისე, რომ სხვა ადგილას სიარული აღარ იქნება საჭირო და მადლობა ამისთვის ჩვენს ერთგულ მეგობარსა და პარტნიორს „ლიბერთის“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წნორის ცენტრის გარდა, თანამედროვე სტანდარტების 57 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს.
2011 წლიდან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას, თვითმმართველ ერთეულებში მმართველობის გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. პროექტის პირველ ეტაპზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია.