ლობილაძე: ისეთი აზარტულია, ჩამითრია და ვეღარ ვჩერდები
„პროფესიით ბიოქიმიკოსი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია, უფრო შემოქმედებითი კუთხით განვვითარდი. თავიდან თექის თოჯინებით დავიწყე. ერთ-ერთი ცნობილი მეთოჯინეს ნამუშევრები ვნახე და ძალიან მოვიხიბლე. მეგონა, რომ მე ვერასოდეს შევძლებდი თოჯინების შექმნას, თუმცა იმდენად დიდი იყო ინტერესი, მაინც ვცადე და გამომივიდა. როცა სასურველი შედეგი მივიღე, გადავწყვიტე უფრო გამერთულებინა საქმე. იმდენად აზარტული საქმეა, რომ ჩამითრია და ვეღარ გავჩერდი“, – ამბობს ლანა ლობილაძე.
ლანა თვითნასწავლი მეთოჯინეა. ყველაფერი ინტერნეტის საშუალებით შეისწავლა. ამის შემდეგ იყო უძილო ღამეები, დაუღალავი შრომა და წარმოუდგენელი შედეგი. მის მიერ შექმნილი ელფები, გნომები ერთი ნახვით აყვარებენ და ამახსოვრებენ მნახველს თავს.