თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე ღირსეულად შეხვდებიან როგორც გამარჯვებას, ისე დამარცხებას.
დღეს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ილია მეორემ საზეიმო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
ტაძარში შეკრებილთა შორის იყვნენ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ“, – აღნიშნა პატრიარქმა.
კათოლიკოს–პატრიარქმა პრეზიდენტობის კანდიდატებს წმინდა გიორგის ხატები გადასცა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.