თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქართველი მწერლის არჩილ ქიქოძის სადებიუტო რომანი „სამხრეთული სპილო“ ბულგარულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა, ნათქვამია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
თარგმანზე ირინა პირაევამ იმუშავა. რომანი ბულგარულმა გამომცემლობა AGATA-A Publishers-მა გამოსცა. პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
„სამხრეთული სპილო“ ურბანული რომანია, რომელშიც მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. სიუჟეტის მიხედვით, რეჟისორი, რომელსაც კინო ცხოვრებაში ერთხელაც არ გადაუღია, საკუთარ ბინას საყვარელ ქალთან შესახვედრად მეგობარს უთმობს. თავად კი, დრო რომ გაიყვანოს, თბილისის ქუჩებში დაეხეტება. ეს წარსულის სარკეში ჩახედვისა და საკუთარი ცხოვრების გადაფასების დღეა, სადაც კინოკადრებად ჩაირბენს ბავშვობა, სიყვარული, ვნება, ფათერაკები და ტრაგედიები.
საქართველოში არჩილ ქიქოძეს მკითხველი იცნობს, როგორც რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორს. მათგან ორს ლიტერატურული პრემიები – „გალა“ (2009) და „საბა“ (2014) მიენიჭა. „სამხრეთული სპილო“ არჩილ ქიქოძის პირველი რომანია, რომელიც უკვე ითარგმნა გერმანულ და აზერბაიჯანულ ენებზე.