თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ აღიარა გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ცოლ-ქმარი ირაკლი და ნათია გედენიძეები, რომელთაც 2011 წლის ივლისში შპიონაჟში დასდეს ბრალი, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
„ფოტოგრაფების საქმე" მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმე იყო. მაშინ ფოტორეპორტიორების დასაცავად ოპოზიცია და ჟურნალისტები გამოვიდნენ. ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ღია გამოძიებას მოითხოვდნენ, რაც შეუძლებელი იყო, რადგან საქმეს გრიფი „საიდუმლო" ედო.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში დაშვებულ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტმა ჩაატარა განმეორებით გამოძიება, რომელმაც 2016 წლის დეკემბერში დაადგინა, რომ ფოტოგრაფები უდანაშაულო იყვნენ.
„დეპარტამენტმა საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. დეპარტამენტმა ასევე შეისწავლა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოიპოვა ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები", – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის მონაცემებით, ცოლ-ქმარი გედენიძეები, ქურციკიძე და აბდალაძე გახდნენ წინა ხელისუფლების მსხვერპლი 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევისას გადაღებული ფოტოების გამო. ამ ფოტოების საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნების შემდეგ ამ საქმემ ფართო რეზონანსი მიიღო და ეს ხელისუფლების რეიტინგზე უარყოფითად აისახა.
პროკურატურამ ხელახლა გამოძიების მსვლელობისას ბრალი წაუყენა შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს დავით დევნოზაშვილს და №8 საპატიმროს ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს. მუხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგან ის იძებნება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დევნოზაშვილი და მუხაძე დამნაშავედ ცნო ფოტოგრაფებზე ზეწოლაში მათი დაკავების დროს. სასამართლომ დევნოზაშვილს 4,5 წლით, ხოლო მუხაძეს – 1,5 წლით პატიმრობა შეუფარდა.
საქმის მასალების თანახმად, საგამოძიებო იზოლატორში ფოტოგრაფებს არაოფიციალურად სტუმრობდა დევნოზაშვილი და ციხეში უმძიმესი პირობებითა და მათი ოჯახების წევრებზე ზეწოლით ემუქრებოდა.
დევნოზაშვილი ასევე იმუქრებოდა, რომ გამოაქვეყნებდა ნათია გედენიძის პირად ფოტოს, რომელიც მის კომპიუტერში ინახებოდა. შედეგად, მეუღლეებმა მისცეს აღიარებითი ჩვენებები და საკუთარ თავს ცილი დასწამეს. ამის შემდეგ ნათია გედენიძე გაუშვეს, ხოლო ირაკლი გედენიძე სხვა ფოტორეპორტიორებთან ერთად გლდანის მერვე საპყრობილეში გადაიყვანეს.
საპატიმროში მათზე ზეწოლას უკვე დირექტორი მუხაძე ახდენდა. მათ საკანში არ აქრობდნენ სინათლეს და ისინი მუდმივი ვიდეოდაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. უფრო მეტიც, დაკავებულებს მუდმივად აკითხავდა დევნოზაშვილი და ემუქრებოდა მათ.
ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე დათანხმდნენ აღიარებითი ჩვენების მიცემას. ამის შემდეგ მათ ადვოკატებზე უარის თქმა მოსთხოვეს. ხელისუფლების მიერ დანიშნულმა ადვოკატებმა ფოტორეპორტიორები აიძულეს გამოძიებასთან საპროცესო გარიგების დაედოთ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოლოოდ ფოტოგრაფები დამნაშავედ ცნო შპიონაჟში. პროკურატურის შუამდგომლობით მათ პირობითი სასჯელი შეუფარდეს და გაათავისუფლეს.