თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი ქარხანა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
წარმოება სახელმწიფოს მხარდაჭერით გაიხსნა. საერთო ჯამში, ქარხანაში მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, აქედან 405 ათასი - გრანტია, ხოლო 507 ათასი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
საწარმოს დღიურად შეუძლია გადაამუშავოს 10 ტონა ნედლეული, რომლისგანაც მზადდება ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ტყლაპი, ჩურჩხელა, სხვადასხვა სახის ხილფაფა და მურაბა. პროდუქციის რეალიზაცია ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე მოხდება; სამომავლოდ დაგეგმილია ექსპორტზე გატანაც.
გადამმუშავებელ საწარმოში 29 ადამიანია დასაქმებული.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2015 წლის მარტში წამოიწყო ახალი პროექტი „დანერგე მომავალი“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლიანი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მოწყობის გზით.
ქართული სტარტაპი: ბოსტნეულის წვენები, ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესი >>
შიდა ქართლის მოსახლეობის მიერ მოყვანილი ხილი, განსაკუთრებით ვაშლი, მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.