თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა მესაზღვრეებმა რუსული კინოს ფესტივალის – „პაემანი – კინორომანი“ ორ მონაწილეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
როგორც „Sputnik–საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი, შემოსვლაზე უარი ეთქვა რუს რეჟისორს, საბავშვო ჟურნალ „ერალაშის“ სამხატვრო ხელმძღვანელ ბორის გრაჩევსკის და მის მეუღლე ვერონიკა ბელოცერკოვსკაიას. სტუმრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მომხდარი განმარტა და განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა დაარღვიეს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც კრძალავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლას რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე. საქართველომ ეს კანონი მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა საქართველოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.
„ეს ხდებოდა რამდენიმე საათის უკან, როდესაც ჩვენ გზაში ვიყავით. რეალურად, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო. ჩვენ ბევრი საბაბი გვაქვს იმისთვის, რომ არასასურველი ადამიანები, მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში არ შემოვუშვათ. რაც გავაკეთეთ, მათ შორის იმ მიზეზით, რომ დაირღვა „კანონი ოკუპაციის შესახებ“, – განაცხადა გახარიამ.
ფესტივალი „პაემანი – კინორომანი“ თბილისში 21–23 ნოემბერს გაიმართება.
ღონისძიების მიზანია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოში, ისტორიულად ახლობელი ხალხების კულტურული კავშირების განმტკიცება.
საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“ ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია.
საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს გასული საუკუნის 90–იანი წლების დასაწყისიდან ვერ აკონტროლებს. მოსკოვმა ეს ტერიტორიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებლად აღიარა. ა,ოს საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.