თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 2018 წელს 58%-ით შემცირდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს 58%-ით შემცირდა ქალთა მკვლელობები. ამასთან, წელს არ დაფიქსირებულა ქმრის ან ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი“, - ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს მეუღლის ან/და ყოფილი მეუღლის მიერ ქალის მკვლელობის 10 ფაქტი დაფიქსირდა.
2016 წელს მოკლული იქნა 32 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 18 - სხვა პირის მიერ.
2017 წელს მოკლული იქნა 26 ქალი, რომელთაგან 14 მოკლა ოჯახის წევრმა, ხოლო 12 - სხვა პირმა.
2018 წლის 10 თვეში მოკლული იქნა 11 ქალი, რომელთაგან 5 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 6 - სხვა პირის მიერ.
2018 წელს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მკვლელობიდან: 1 შემთხვევაში შვილმა მოკლა დედა; 1 შემთხვევაში დამ - და; 1 შემთხვევაში ძმამ - და; 1 შემთხვევაში მამინაცვალმა - გერი;
სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მიმართვიანობა, ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 4000-ზე მეტ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ხოლო 3000-ზე მეტი პირის მიმართ - სისხლისსამართლებრივი დევნა.
ახალციხეში არასრულწლოვანი გოგონები 37 წლის მამაკაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ >>
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2018 წლის იანვარში უწყებაში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და თითოეულ ფაქტზე დროული რეაგირებისა და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა.
პარლამენტში იხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებისთვის (მათ შორის მკვლელობისთვის) დამამძიმებელ გარემოებად არის გათვალისწინებული.