თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ესპანეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყალბი საბუთებით დუბლინში გაფრენას ცდილობდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
29 წლის მამაკაცი ესპანელმა სამართალდამცველებმა „სანტიაგო-დე-კომპოსტელას“ აეროპორტში დააკავეს.
დაკავებული, რომელიც ესპანური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეა, მესაზღვრეებმა სლოვაკეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ესპანეთიდან მამაკაცის დეპორტირება მოხდება.
ესპანური მედიის ცნობით, მხოლოდ წელს „სანტიაგო-დე-კომპოსტელას“ აეროპორტში 14 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.
კანონდამრღვევთა შორის საქართველოს მოქალაქეების გარდა , მოლდოვის, ირანისა და ჩინეთის მოქალაქეებიც იყვნენ, ისინიც დუბლინში გამგზავრებას ცდილობდნენ.