თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულმა საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები მალულად შემოიტანა.
საერთო ჯამში ამოღებულია 1 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 51 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით („საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.