თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. სოციალურ ქსელებში სიტყვიერი თავდასხმის მსხვერპლი ყველა საჯარო პირია, განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
ზურაბიშვილი: შვილების მოკვლით მემუქრებიან>>>
საპრეზიდენტო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ყოფილი სამხედროები მოკლე ტექსტურ და ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიან და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
„თუ მე ყოველ ჯერზე ბრიფინგს გავმართავ, როცა „ფეისბუქზე" მემუქრებიან, ცოტა უხერხული იქნება", – განაცხადა სამადაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა მისი მთავარი მოწინააღმდეგის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემაც. როგორც მან განმარტა, აღნიშნული ფაქტის გამოძიება უნდა მოხდეს.
„მე არ ვიცი, ის რაზე საუბრობს, თუ არის რაიმე მიწერ-მოწერა, ეს აუცილებლად უნდა გაარკვიონ შესაბამისმა სამსახურებმა... ჩვენ აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი პერსონალური ძალადობის. თუ რამე იყო სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, კი, ბატონო, გამოიძიონ", – განაცხადა ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა გაიმართება. გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" კანდიდატი, ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.
არჩევნების პირველი ტურის წინ, 11 ოქტომბერს ზურაბიშვილმა მისი მისამართით „შავ პიართან" დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენამ შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.
სალომე ზურაბიშვილს ორი შვილი ჰყავს – თეიმურაზი და ქეთევანი, რომლებიც პარიზში გაიზარდნენ, იქ, სადაც თავად ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა.