თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სპორტსმენმა 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში, რომელიც ბუქარესტში მიმდინარეობს.
„ვახტანგ ჩიდრაშვილი (57კგ) ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა!! გილოცავთ კიდევ ერთ ოქროს და უდიდეს წარმატებას!“, - ნათქვამია საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კიდევ ერთი, ბრინჯაოს მედალი შაბათს მოიპოვა დავით ლორიაშვილმა (100 კგ).
მანამდე, პარასკევს ოქროს მედალი მოიპოვა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), რომელიც ქართული სამბოს ისტორიაში პირველი ქალი - მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
კიდევ ორი მედალი, ამჯერად ბრინჯაოს საქართველოს შემატეს გივი ნადარეიშვილმა (52 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ).
სამბოში მსოფლიო ჩემპიონატი ბუქარესტში 8 ნოემბერს დაიწყო და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.