თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. 27 წლის თბილისელი მომღერალი, ლევან კბილაშვილი რუსულ პირველ არხზე ვოკალური პროექტ „გოლოსის“ მეშვიდე სეზონის მონაწილე გახდა - ქართველი კონსტანტინ მელაძის გუნდის წევრი გახდა.
ლევანმა კომპოზიტორზე შთაბეჭდილება მოახდინა „ბრმა მოსმენებზე“ ორი ცნობილი ქართული სიმღერის - „პატარა გოგოს“ და „ტურფას“ პოპურის შესრულებით. ლევანის თქმით, ამ სიმღერებში შეყვარებული მამაკაცის ყველა განცდები ჩანს.
„ჩემს ოჯახში არავინ არ მღერის, ყველა მამაკაცი ძიუდოთი იყო დაკავებული. 14 წლის ასაკში ძიუდოში თბილისის ჩემპიონი გავხდი. სპორტზე სერიოზულად ვფიქრობდი, მაგრამ 15 წლისამ ტრავმა მივიღე და გაგრძელება ვერ შევძელი. იურისტი ვიყავი, მაგრამ უცებ მივხვდი, რომ სიმღერის გარეშე არ შემიძლია“, - საკუთარ თავზე ისაუბრა ლევანმა პირველი არხის ეთერში.
მელაძის კითხვაზე, არის თუ არა მის რეპერტუარში ქართული ხალხური სიმღერების გარდა სხვა სიმღერები, ლევან კბილაშვილმა უპასუხა: „მე ვმღერი რუსულად, ინგლისურად, ესპანურადაც კი, მაგრამ მინდოდა თქვენთვის ჩემი საქართველო მეჩვენებინა“.
ლევანის შესრულებამ Youtube-ზე უკვე 35 000 დათვალიერება და აღფრთოვანებული კომენტარები დააგროვა. უმრავლესობამ სათანადოდ შეაფასა ლევანის „შესანიშნავი ხმა“, მისი შესრულება „ზედმეტი პათოსის გარეშე“ და ასევე „ქართული ხმოვანების მაგია“.