თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მერაბ მამარდაშვილის ხსოვნის საღამო მოსკოვის ბორის პასტერნაკის მუზეუმში 10 ნოემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფილოსოფოსის მემკვიდრეობასა და მისი პიროვნების შესახებ ისაუბრებენ საღამოს წამყვანები – მწერალი, კრიტიკოსი, მთარგმნელი და გამომცემლობა "ლოგოსის" მთავარი რედაქტორი ქსენია გოლუბოვიჩი და მერაბ მამარდაშვილის გამოცემების პროექტის სამეცნიერო რედაქტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი ანდრეი პარამონოვი.
მამარდაშვილის ქალიშვილმა მამის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებებზე ისაუბრა>>
მერაბ მამარდაშვილი — ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მამარდაშვილის ფილოსოფიურმა და საგანმანათლებლო მოღვაწეობამ სსრკ-ში დამოუკიდებელი ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი შეასრულა.
მამარდაშვილის ფილოსოფიის საყრდენს წარმოადგენდა ცნობიერების ფენომენი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ჩამოყალიბებაში. ის მიიჩნევდა, რომ ნამდვილი ფილოსოფია მიზნად ისახავს ცვალებად სამყაროში ადამიანის მიერ სტაბილურობის მოპოვებას.
მამარდაშვილი დაიბადა გორში 1930 წელს. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში სამეცნიერო ჟურნალის Вопросы философии მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო. მოგვიანებით ამ თანამდებობიდან იდეოლოგიური მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს. იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
1987-1990 წლებში მამარდაშვილი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.
გერმანული ფილოსოფიის (განსაკუთრებით იმანუელ კანტის) გავლენით მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს კვლევები მარსელ პრუსტის შემოქმედების შესახებ.
ფილოსოფოსი 1990 წელს ვნუკოვოს აეროპორტის ტერმინალში გულის შეტევით გარდაიცვალა.