შვეიცარიის ციხეში ჩაფიქრებული და ოკამში ნაფერები ბაღი სახელად „ევა"

გამოწერა
როგორ გახდა ოზურგეთელი ახალგაზრდა ოკამელი ფერმერი და როგორ აისრულა ოცნება, რომელიც ციხის საკანში დაიბადა...

თენგიზ ცინცაძე ოზურგეთში დაიბადა. გაიზარდა ლანჩხუთში დიდ და მოსიყვარულე ოჯახში, ბებია-ბაბუასთან ერთად. ყოველთვის ადევნებდა თვალყურს ეზოში მოფუსფუსე ბაბუას, როგორ რგავდა, ამყნობდა და უვლიდა ნერგებს, სხლავდა ვაზს და ა.შ. მიწის და შრომის სიყვარული სწორედ მისგან ისწავლა. 

მეხუთე კლასამდე ლანჩხუთის საჯარო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი მშობლებმა თბილისში წამოიყვანეს და მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

© photo: courtesy of Orchard EVAთენგიზ ცინცაძე ბაღი „ევა“
შვეიცარიის ციხეში ჩაფიქრებული და ოკამში ნაფერები ბაღი სახელად „ევა - Sputnik საქართველო
თენგიზ ცინცაძე ბაღი „ევა“

„თავიდან ძალიან გამიჭირდა მეგობრებთან განშორება და ახალ გარემოზე მორგება, მაგრამ დაიწყო ჩემი თბილისური, საინტერესო ცხოვრებაც. ყველა არდადეგებზე მივდიოდით გურიაში. იყო შემთხვევები, როცა სახლში ტყუილი მითქვამს, თითქოს დამითხოვეს, გამოცდები არ მქონდა და მეორე დილითვე წავსულვარ ბებია-ბაბუასთან. ამას მოჰყვებოდა ხოლმე დამრიგებლის დარეკვა, დედაჩემის გაბრაზება, მაგრამ მე უკვე ფეხბურთს ვთამაშობდი გურულ მეგობრებთან, ან ანკესით ვთევზაობდი მდინარეზე“, – იხსენებს თენგიზი.

წლების განმავლობაში ბევრ სფეროში მოსინჯა ძალები, მაგრამ მშვიდად ვერსად ვერ გრძნობდა თავს. რამდენიმე წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. სწორედ ამ დროს მოხდა მის ცხოვრებაში გარდატეხა და მიაგნო საქმეს, რომელიც სურდა მთელი ცხოვრება ეკეთებინა.

„ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დავხეტიალობდი. იყო ბევრი სირთულე, სიცივე, შიმშილი, უსახლკარობა. ერთ დღეს გერმანიაში ვნახე ინტენსიური ვაშლის ბაღები, გავგიჟდი, ისე მომეწონა. ვფიქრობდი, ადრე თუ გვიან მეც გავაშენებ ასეთ ბაღს ჩემ ქვეყანაში-მეთქი. რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად ვფიქრობდი ამაზე. ვიცოდი, როგორი ბაღიც იქნებოდა ჩემი ბაღი. მოვუვლიდი, მოვრწყავდი... ამაზე ფიქრიც კი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ბავშვობაში ბაბუასთან ერთად ვკრეფდი ტყემალს, ვხდიდით არაყს, ვბარავდით ეზოს, ამიტომ ჩემთვის მიწასთან სიახლოვე უცხო არ იყო, თუმცა ბაბუასა და შვილიშვილის გართობის გარდა სხვა გამოცდილება არ მქონია“, – ამბობს თენგიზი.

© photo: courtesy of Orchard EVAბაღი „ევა“
შვეიცარიის ციხეში ჩაფიქრებული და ოკამში ნაფერები ბაღი სახელად „ევა - Sputnik საქართველო
ბაღი „ევა“

დადგა სამშობლოში დაბრუნების და ოცნების რეალობად ქცევის დღე. მამის დახმარებით შეარჩია ვაშლის და, ზოგადად, ხილისთვის შესაფერისი მიწა სოფელ ოკამში. პირველი მისია შესრულებულია – მიწა ნაყიდია, ახლა საჭიროა ბაღის გაშენება.

„გავაგრძელე ევროპული ვოიაჟი, გადავედი სხვა ქვეყანაში და, რატომ, ნუ მკითხავთ, უბრალოდ, დამიჭირეს. გამომკეტეს შვეიცარიის ციხეში და როგორც კი მომიხურეს კარები, დამეწყო ბაღის გაშენებაზე გამძაფრებული ფიქრები“, – იხსენებს თენგიზი.

მოგეხსენებათ, ციხეში საკმაოდ დიდი დრო გაქვს ფიქრისთვის. თენგიზიც ბევრად უფრო ემოციურად ხაზავდა ხეების რიგებს, ადგენდა გეგმას. ცხრა თვის თავზე კი ციხის დირექციამ კაბინეტში დაიბარა.

„ასე უფერულად და ფიქრებში გადიოდა დღეები. ერთ მშვენიერ და უკვე ჩემთვის მნიშვნელოვან დღეს დამიძახეს დირექციასთან. ყველაფერს ვფიქრობდი – რა უნდა მომხდარიყო გარდა იმისა, რაც შემომთავაზეს. თარჯიმანი მეუბნება, ხვალ დილამდე გაქვს დრო რამე ბიზნეს-იდეისთვის და თუ მოეწონებათ, დაგაფინანსებენო. ის ღამე იყო ენით აუწერელი ფიქრების ღამე! დილით წარვადგინე ინტენსიური ვაშლის ბაღის გაშენების გეგმა ჩემ ნაკვეთში. ეს იყო ევროკავშირის ორგანიზაცია IOM, რომელსაც ჩავაბარე ეს გეგმა“.

ამ ამბის შემდეგ თენგიზი ჯერ თავის ოთახს დაუბრუნდა და მალევე სამშობლოშიც გამოემგზავრა. გავიდა თვეები. ნელ-ნელა ერთვება ქართული ცხოვრების ფერხულში. აღარც კი ახსოვს დაწერილი გეგმა.

© photo: courtesy of Orchard EVAბაღი „ევა“
შვეიცარიის ციხეში ჩაფიქრებული და ოკამში ნაფერები ბაღი სახელად „ევა - Sputnik საქართველო
ბაღი „ევა“

„გადიოდა თვეები და ვფიქრობდით, რა სახსრებით გაგვეშენებინა ბაღი. ამ მსჯელობებში რამდენიმე თვე გავიდა და დედაჩემი მეძახის, ვიღაც გოგო გკითხულობს ტელეფონზეო. თავი ზღაპარში მეგონა, როცა მაცნობეს, 70 განცხადებაში მხოლოდ ორი დააფინანსეს და ერთ-ერთი თქვენი ვაშლის ბაღიაო. სადეპორტოში რატომ ამირჩიეს სულ თავიდან, დღემდე გაუგებარია ჩემთვის“, – ამბობს თენგიზი.

ასე დაიწყო ბაღის გაშენება და მამა-შვილის უდიდესი შრომა. თენგიზს ყველა საქმეში მამა ედგა გვერდით. თავდაპირველად 830 ძირამდე ვაშლი გააშენეს.

„ეს იყო რაღაც დიდი სიახლის დასაწყისი ჩემ ცხოვრებაში. აღტაცებული დავდიოდი რიგებში და ვეფერებოდი ჩემ ნერგებს. ვთხოვდი, რომ გაეხარათ, გაზრდილიყვნენ და მოეცათ ნაყოფი. დროთა განმავლობაში ვისწავლე, როგორ შემეწამლა, გამესხლა და მომევლო ბაღისთვის. ასე ვყალიბდებოდი დამწყებ მებაღედ“, – ამბობს ახალგაზრდა ფერმერი.

მამა კი შვილის ნაშრომს სიხარულით და სიამაყით შეჰყურებდა. შემდეგ კოტეჯი ააშენეს, რამაც ახალგაზრდა ფერმერი საერთოდ მოწყვიტა თბილისს და ოკამში გადავიდა საცხოვრებლად. საბუთებით ოფიციალურად გააფორმა, ჩაეწერა ოკამში, დარეგისტრირდა კომლად და მიენიჭა მისამართი ქეთევან წამებულის №3. ასე გახდა ლანჩხუთელი ბიჭი ოკამის მკვიდრი.

© photo: courtesy of Orchard EVAბაღი „ევა“
შვეიცარიის ციხეში ჩაფიქრებული და ოკამში ნაფერები ბაღი სახელად „ევა - Sputnik საქართველო
ბაღი „ევა“

„როცა იქ გადავედი საცხოვრებლად, ბევრი რამ შეიცვალა. ეს აღარ იყო ვაშლის ბაღი, ნაკვეთი, არამედ ეს გახდა ჩემი სახლი, დიდი ეზოთი, ხეხილით, სიწყნარითა და ლამაზი მზის ჩასვლით, სადაც უნდა მომსვლოდა სტუმრები. მე კი ვიყავი მასპინძელი ჩემი პატარა სახლით. ეზოში დავრგე კვიპაროსები, ტირიფი, ვაზი, ნელ-ნელა ვეწყობოდი საჭირო ნივთებით, ბაღს შევმატე 45 ძირი ქლიავი... ერთი სიტყვით, დავფუძნდი ბაღში და დავარქვი სახელი „ევა“

ბაღი „ევა“ და მისი პატრონი დღემდე ერთმანეთს ზრდიან, ავსებენ, ერთად იზრდებიან და ვითარდებიან.

„მომავალში ვაზის გაშენებას ვაპირებ, მინდა ჩირისა და ძმრის წარმოება. ხშირად ვფიქრობ მარწყვის სათბურზე, ცოტა უფრო შორეულ ფიქრებში ფუტკარსაც ვხედავ. და ბოლოს მინდა მოვიდეს დრო, როცა ჩემ ნაგროვებ პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებას გავუზიარებ დამწყებ გულანთებულ მებაღეებს და მომავალ თაობას ვეტყვი – თუ სიყვარულითა და გულით მიუდგებიან საქმეს, ბარიერები არ არსებობს“.

დღეს თენგიზს სასიამოვნო სიახლეები აქვს. მონაწილეობა მიიღო პროექტში „აწარმოე საქართველოში“, მესამე ტურში გადავიდა. საბოლოო პასუხი 10 ნოემბერს გახდება ცნობილი და, დიდი ალბათობით, დააფინანსებენ, რათა ვაშლის ნატურალური ძმრის წარმოებას მიჰყოს ხელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0