„იპოდრომის კორტები" თბილისის მუნიციპალიტეტს უბრუნდება

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიჩოგბურთი
ჩოგბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალი წლიდან თბილისის მერია ამ ადგილზე ახალი სპორტული კომპლექსის მოწყობას გეგმავს.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ ჩოგბურთის კორტები არსებობდა, ქალაქს დაუბრუნდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როგორც კალაძემ განმარტა, 2009 წელს ეს ტერიტორია უცხოურმა კომპანიამ განაშენიანების მიზნით შეიძინა. თუმცა, ამ დროისთვის ის ნაკვეთი, სადაც ადრე სპორტული კომპლექსი მდებარეობდა, მძიმე მდგომარეობაშია.

„ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ზოგადად, ეს ადგილი ყოველთვის იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც ბევრი თბილისელი დადიოდა... ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარების, წინსვლისა და მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, თუმცა არსებობს ისეთი ადგილები, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები, სკვერები, პარკები და სხვა ტერიტორიები, სადაც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის რაიმე სახის მშენებლობების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია", – თქვა კახა კალაძემ.

მეტეხი - Sputnik საქართველო
„გაუფრთხილდი ქალაქს" - თბილისის მერია ახალ კამპანიას იწყებს

კალაძის განცხადებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი თბილისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება. მომავალი წლიდან კი მერია ამ ადგილზე ახალი სპორტული კომპლექსის მოწყობას გეგმავს.

„მგონია, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივებისთვის და დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის. მოსახლეობის მხრიდან სერიოზული უკმაყოფილება იყო, თუმცა უკვე დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული", – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

იპოდრომის კორტების ტერიტორია საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტერიტორიის სპორტულ ცენტრად გადაკეთებას დიდი ხანია ითხოვდა, ამ მიზნით მათ სპეციალური Facebook-გვერდიც შექმნეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0