თბილისის მერია 220 ახალი ავტობუსის შესყიდვისთვის ემზადება

© Sputnik / Alexander Imedashvili MAN-ის მარკის ავტობუსი
 MAN-ის მარკის ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 220 ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მანამდე პორტალ Numbeo-მ გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომლის თანახმად, თბილისი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქების რეიტინგში 58-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

„ახალი ავტობუსების შემოყვანა მომავალი წლიდან დაიწყება. ტენდერი უახლოეს დღეებში დასრულდება და გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება“, – განაცხადა კალაძემ.

მეტეხი - Sputnik საქართველო
„გაუფრთხილდი ქალაქს" - თბილისის მერია ახალ კამპანიას იწყებს

მანამდე თბილისის მერიამ MAN-ის მარკის 90 ახალი ელექტროავტობუსი და ბუნებრივ აირზე მომუშავე 150 ავტობუსი შეუკვეთა.

„90 ერთეული ავტობუსი უკვე წარმოებაშია და თებერვლიდან მათი შემოყვანა ეტაპობრივად დაიწყება. 2019 წლის ბოლოსთვის კი გვინდა, რომ მთლიანად ჩავანაცვლოთ ავტობუსების პარკი, რომელიც გაუმართავია და გადაადგილების დროს სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეისათვის თბილისში ყოველდღიურად 600-650 ავტობუსი მოძრაობს. მათგან 143 MAN-ის მარკის ახალი ავტობუსია, რომელიც ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და შშმ პირთათვის არის ადაპტირებული.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის მთავარი გზავნილია - „მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლები ავტომანქანა ქალაქში“. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიის, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება კი არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ავტობუსები დღეში საერთო ჯამში 109,5 ათას კილომეტრს ფარავენ და 1800-ზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0