თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ბრალად ედება 2017 წელს გენერალური აუდიტის სამსახურის მაშინდელი უფროსის ლაშა თორდიას მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, განუცხადა საქმის პროკურორმა ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტებს.
იმის თაობაზე, რომ ფარცხალაძეს ბრალი წაუყენეს, გუშინ გახდა ცნობილი, მაგრამ კერძოდ რა ბრალი წაუყენეს მას, მხოლოდ დღეს გაირკვა.
ინციდენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მაშინდელ უფროს ლაშა თორდიასთან 13 მაისს ღამის კლუბ El Centro-ში მოხდა. მას თავს დაესხნენ, რის გამოც თორდია საავადმყოფოში თავის ქალის დახურული ტრავმით მოხვდა. დაზარალებულმა თავდასხმაში ფარცხალაძე დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას ფარცხალაძე იმის გამო გაუსწორდა, რომ იგი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ფარცხალაძის საქმიანობის პერიოდში (2013 წლის ნოემბერ-დეკემბერი) გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშს ამზადებდა. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ ჩხუბის პროვოცირება თავად თორდიამ მოახდინა.
მაგრამ საქმეში მხოლოდ ფარცხალაძე არ ფიგურირებს. ინციდენტის დროს მას თან ახლდა მიხეილ ჩოხელი – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსი.
„ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს წარუდგინეს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნული საქმე შეეხება 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „ელ-ცენტროში" მომხდარ ინცინდენტს, რა დროსაც ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა სცემეს ლაშა თორდია", – განაცხადა გაგნიძემ.
მისი თქმით, ფარცხალაძე და ჩოხელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რადგან მათ ბრალი ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიით წარედგინათ. გირაოს თანხა 5 ათასი ლარით განისაზღვრა.
საქმეში ჩართულია საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი. მათ შორის არიან იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, სერ ჯეფრი ნაისი (Sir Geoffrey Nice), ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი (Moshe Lador) და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კოფი (Paul Coffey).
„იქიდან გამომდინარე, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდნენ ყოფილი მთავარი პროკურორი და აუდიტის სამსახურის უფროსი და ამ საქმეზე არსებობდა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი, პროკურატურამ ექსპერტებად მოიწვია საერთაშორისო ჯგუფის წევრები, რომლებიც ჯერ უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, შეესწავლათ საქმე და შემდეგ გაეკეთებინათ დასკვნა", – განაცხადა გაგნიძემ.
პროკურორმა ჩხუბის პოლიტიკური კონტექსტი გამორიცხა.
„საქმის დაწყების რეალური მიზეზი არის ყოფითი ინციდენტი, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ინციდენტი. ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პროკურატურა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან არის სრულიად დეპოლიტიზებული, ჩვენ ამ სისხლის სამართლის საქმეს ვიძიებთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში. რაც შეეხება თქვენ ვერსიას, თითქოსდა ამის მიზეზი არის აუდიტის დასკვნა, ამაზეც მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მთავარ პროკურატურაში და, უფრო მეტიც, ის დასკვნით ფაზაშია. ამ საქმეშიც ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც, ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დადებენ დასკვნას", – განაცხადა გაგნიძემ.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და თანამდებობა რეკორდულად მცირე დროით ეკავა – მან პოსტი 2013 წლის 30 დეკემბერს მისი ბიოგრაფიის დეტალების გასაჯაროების შემდეგ დატოვა, რომელიც ახალგაზრდობაში გერმანიაში მის ნასამართლეობას ეხებოდა.