თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ზუგდიდელმა ახალგაზრდამ ბიჭიკო (ჰარი) კოდუამ მეგრული ენის ონლაინ-ლექსიკონი შექმნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მეგრული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება. მას, ლაზურთან ერთად, ერთი ენის — ზანურის დიალექტადაც თვლიან.
მეგრული ენა ძირითადად საოჯახო მეტყველებაში გამოიყენება.
ბიჭიკო კოდუამ მეგრულ-ქართული და ქართულ-მეგრული ლექსიკონი მეგრული ენის გადარჩენის მიზნით შეადგინა და ინტერნეტში განათავსა.
„თანამედროვე მეგრული გაჯერებულია ქართული და რუსულენოვანი შესატყვისებით. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე შემექმნა ონლაინ-ლექსიკონი, რომელიც მოსახერხებელ საძიებო სისტემას შესთავაზებდა საიტის ვიზიტორებს და ამასთანავე მეგრული ენის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს", – განაცხადა ბიჭიკო კოდუამ.
ვებ-გვერდზე 120 ათას სიტყვაზე მეტია ჩატვირთული, რომელთა რაოდენობაც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
მეგრული ქართული ანბანით იწერება და მასში იხმარება მხედრული ანბანის 33-ვე ასო–ბგერა, აგრეთვე ყრუ ბგერა ჸ.
ონლაინ-ლექსიკონის ავტორი პროფესიით ინჟინერია და ის ამჟამად ესტონეთში, ტალინში სწავლობს.
ლექსიკონის ონლაინ-ვერსიის ნახვა www.megrulad.ge-ზე არის შესაძლებელი, თუმცა, ავტორის თქმით, მისი შექმნის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.
საქართველოში პერიოდულად გამოსცემდნენ გაზეთებსა და ჟურნალებს მეგრულ ენაზე; ასევე გამოცემულია მეგრულ-ქართული ლექსიკონი, ნათარგმნი და გამოცემულია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" და სხვ.