ქართველმა ჩოგბურთელმა პარიზის ტურნირი წარუმატებლად დაასრულა

© AP Photo / Mark Schiefelbeinნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წელს ქართველმა სპორტსმენმა АТР-500 სერიის ორი ტურნირი მოიგო და АТР–ს რეიტინგში 89-ე ადგილიდან 22–ზე გადაინაცვლა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგში 22-ე ადგილი) Rolex Paris Masters-ის ტურნირის მესამე რაუნდში გასვლა ვერ მოახერხა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 29 ოქტომბერს დაიწყო.

ბასილაშვილი მეორე წრეში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან სამ სეტში დამარცხდა – 3:6, 7:6, 6:7. მატჩი 2 საათი და 15 წუთი გაგრძელდა.

მეორე და მესამე სეტში თანაბარი ბრძოლა წარიმართა. მოწინააღმდეგეებმა არც ერთხელ არ დათმეს საკუთარი ჩაწოდება და ორივე ჯერზე გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ ტაი–ბრეიკზე მოხერხდა. მეორე პარტიაში უპირატესობა ქართველ სპორტსმენს ჰქონდა, მესამეში კი სამხრეთაფრიკელს. 

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი პირველი სეტი აღმოჩნდა, რომელიც ანდერსონმა უკეთ ჩაატარა. მან ერთი ბრეიკის გაკეთება შეძლო, რაც მისი გამარჯვების გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.

პარიზის ტურნირზე ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 35 ათასი ევრო გამოიმუშავა. 

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ ბასილაშვილი და ანდერსონი ავსტრალიის ტურნირის Erste Bank Open პირველ რაუნდში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინაც ანდერსონმა გაიმარჯვა სამ პარტიაში – 4:6, 7:6, 6:3.

მატჩის დასრულების შემდეგ ბასილაშვილმა საკუთარ Facebook–გვერდზე დაწერა, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის დასრულდა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

წელს ბასილაშვილმა АТР-500 სერიის ორი ტურნირი მოიგო და АТР-ს რეიტინგში 89-ე ადგილიდან 22-ზე გადაინაცვლა, გარდა ამისა, სპორტსმენმა ორ მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა.

ყველა ახალი ამბავი
0