კორუფცია ზუგდიდში - დაკავებულია ექს-მერი და მისი მოადგილე

გამოწერა
ზუგდიდის რაიონის ყოფილ მერსა და ვიცე-მერს 21 ათასი დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაში ედებათ ბრალი

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის რაიონის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა დააკავა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ივანიშვილი: ყველაფერი მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეიცვლება >>

სუს-ის მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ბრალდებულებმა მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 21 500  აშშ დოლარი. სანაცვლოდ ჩინოსნებს იჯარით გასაცემ აუქციონზე უნდა გაეტანათ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის  და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიები. გოგია და გულორდავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი  განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის  მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების  ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნების მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
ფარული ჩანაწერების ქვეყანა ანუ როცა ყველა ყველას უსმენს, მაგრამ ერთმანეთის არავის ესმის

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  11-დან 15 წლამდე ვადით.

2017 წელს „ქართული ოცნებიდან“ არჩეულმა ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ 12 სექტემბერს Facebook-ის სოციალურ ქსელში თავისი გადადგომის შესახებ მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

მეორე დღეს გავრცელდა გოგიას და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას საუბრის აუდიო-ჩანაწერი, რომელშიც კვირკვია საუბრობს მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონების მოგების სურვილზე. ჩანაწერში კვირკვია ღიად ადანაშაულებს გოგიას და გულორდავას ქრთამის აღებაში. მისი თქმით, მან უკვე გადაურიცხა 10 000 ლარი გულორდავას და კიდევ 11,6 ათასის გადაცემას აპირებდა, თუმცა სანაცვლოდ არაფერი მიუღია.

ბოლო დროს ზუგდიდის ექს-მერი ზუგდიდში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც პირველ ტურში ვერ შეძლო თავისი მთავარი მეტოქის, გრიგოლ ვაშაძის დამარცხება. მეტიც, ზუგდიდის რაიონში ის ვაშაძეს მნიშვნელოვნად ჩამორჩა.

ყველა ახალი ამბავი
0