რითია საშიში ვაშაძის პრეზიდენტობა – ანა დოლიძე „პრობლემების პაკეტის" შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashviliგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოლიძე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში საპატიმროს დატოვებენ ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე არა მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ „პრობლემების მთელი პაკეტია", მიიჩნევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე.

დოლიძემ დააზუსტა, რომ ამ „პრობლემების პაკეტში" შედიან შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია და მისი ძმა, თავდაცვის ექს-მინისტრი ბაჩო ახალაია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ორი უკანასკნელი ამჟამად სასჯელს იხდის. ვაშაძემ პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ ყოფილ მაღალჩინოსნებს შეიწყალებს.

„ეს ადამიანები არიან მხილებული რეალურ, აქტიურ, ფართობასშტაბიან ადამიანის უფლებათა დარღვევებში. წაიკითხეთ ნებისმიერი ანგარიში მათივე პარტიის წევრის, გიორგი ტუღუშის, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო. ვაშაძის დაპირება, რომ ის შეიწყალებს ამ ადამიანებს, ნიშნავს, რომ ის ქვეყანაში უდიდეს არასტაბილურობას დააბრუნებს. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს", – განაცხადა ანა დოლიძემ ტელეარხ Palitra TV-ს ეთერში.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მერაბიშვილი: ვიბრძოლებ, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთიანი იყოს

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. სწორედ დეპუტატ გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ დათა ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ორი ან მეტი პირის ჯგუფურად მკვლელობის, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მუხლებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამოიტანა, ასევე, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე მუხლით დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დათა ახალაის ძმა ბაჩო ახალაია სასამართლომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა შეუფარდა. ახალაია დამნაშავედ ცნეს თეთრაძის წამების ორგანიზებისთვის, ასევე რამდენიმე სხვა მუხლით: „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ", „სექსუალური ხასიათის, ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება", „სამსახურებრივი სიყალბე" და „დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისებაში დახმარება".

 

ყველა ახალი ამბავი
0