თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 15 ადამიანი, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნები კვირას გაიმართა. არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიაში, ახალქალაქში.
როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, გამოძიება რამდენიმე ინციდენტის გამო დაიწყო. მისი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის მომხრეები.
„ჩვენ ვცდილობდით, როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე მთელი მიმდინარეობის დროს, რომ შეგვენარჩუნებინა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი, როგორც სამართალდამცავ უწყებას. მარნეულში მომხდარ ინციდენტზე ორი პირი იმ დღესვე დავაკავეთ, ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, მეორე – „ქართული ოცნების". გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას, ვინც არჩევნების დროს უბრალოდ არ მოვწყვიტეთ სამსახურს, რადგან არ გვინდოდა პროცესების ჩაშლა", – განაცხადა მეზვრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
მარნეულის რაიონის სოფელ იმირიში, 59-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი ინციდენტის დროს ერთმანეთს ეჩხუბნენ პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ადგილზე მისულ პოლიციას ორივე პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება მოუწია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ სექტემბრის შუა რიცხვებში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, რომლის მიზანია საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
რადგან აუცილებელი 50%-ს პლუს 1 ხმა ვერც ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა - ვერც სალომე ზურაბიშვილმა და ვერც გრიგოლ ვაშაძემ ვერ მოაგროვა, არაუგვიანეს 2 დეკემბრისა გაიმართება მეორე ტური.