თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. „Sputnik საქართველოს" ვებ-გვერდზე ჩატარებულმა გამოკითხვამ „გსურთ თუ არა საქართველოს პრეზიდენტობა?" არაერთგვაროვანი შედეგი აჩვენა.
აღმოჩნდა, რომ გამოკითხვაში მონაწილეთა დიდ ნაწილს (55,0%) პრეზიდენტობა არ სურს, რადგან ეს მათთვის „დიდი პასუხისმგებლობაა". საკუთარი თავი სახელმწიფო მეთაურის რანგში 15%-ს წარმოუდგენია.
აღნიშნულ საკითხზე არასდროს დაფიქრებულა გამოკითხულთა 30%.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა.
საარჩევნო უბნების 99,97%-ის შედეგების დათვლის შემდეგ, ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იღებს ხმების 38,63%-ს, ხოლო მისი კონკურენტი გრიგოლ ვაშაძე – 37,74%-ს. ამგვარად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერ იღებენ ვერც დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, სალომე ზურაბიშვილი და ვერც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს.