თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურა სწავლობს აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, საუბრობენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია. ჩანაწერი უკრაინულ ვებ-გვერდზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე გამოქვეყნდა.
უკრაინულ ვებ-გვერდზე zdes.com.ua გამოჩნდა აუდიოჩანაწერი, სადაც ორი ადამიანი, სააკაშვილისა და ალასანიას მსგავსი ხმებით, საქართველოში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობენ. ამასთან ადამიანი სააკაშვილის ხმით ამბობს, რომ აუცილებელია „ნაცმოძრაობის" პიარის გაძლიერება. იმავე ჩანაწერში მეორე ადამიანი ალასანიას ხმით აცხადებს, რომ მზადაა მილიონი გადაუხადოს იმას, ვინ მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მოკლავს.
„პროკურატურა შეისწავლის უკრაინულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერის შინაარსს და მასში არსებულ შესაძლო დანაშაულის ნიშნებს. სწორედ ამის შემდეგ მიიღებს საგამოძიებო უწყება გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას", – განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს პროკურატურის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
აუდიოჩანაწერზე კომენტარი გააკეთა თემურ ალასანიამ და მას ფაბრიკაცია უწოდა.
„ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო „მხილებების" ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათაღელვას. შემოვიფარგლები ამ კომენტარით: ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბიცილები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოდ გადაყლაპოს... მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და, მით უმეტეს, ტელეფონით", – განაცხადა თემურ ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.
სააკაშვილმა 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ამით ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. ის გარკვეული პერიოდი ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, მაგრამ 2016 წელს თანამდებობა სკანდალურად დატოვა. 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოგვიანებით ის ნიდერლანდებში გადავიდა, სადაც მიიღო მოწმობა, რომ შეუძლია იცხოვროს და იმუშაოს ევროკავშირის ქვეყნებში.
მიმდინარე წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ საქმეში — 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში ცნო დამნაშავედ და მას დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.