თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც სანქტ-პეტერბურგში საყვარელ ქალბატონთან შეხვედრა სურდა, ბელარუსიდან რუსეთში უკანონოდ შეაღწია, ნათქვამია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ფსკოვის ოლქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
45 წლის „ქართველი რომეო" ოთხშაბათს ნეველსკის რაიონში დააკავეს იმის გამო, რომ მან ბელარუსი–რუსეთის საზღვარი უკანონოდ, ვიზის გარეშე გადაკვეთა. მამაკაცი რუსეთში „ბრესტი–სანქტ-პეტერბურგის" მატარებლით გადაადგილდებოდა.
„მამაკაცმა სამართალდამცველებს განუმარტა, რომ სანქტ-პეტერბურგამდე ჩასვლას და რაიმე სამუშაოს პოვნას გეგმავდა, მაგრამ დანაშაულის ჩადენისკენ მას სულ სხვა გარემოებამ უბიძგა. სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს ქალბატონი, რომლისადმიც მას თბილი გრძნობები ამოძრავებს. როგორც მან აღნიშნა, ვიზის საჭიროების შესახებ იცოდა და, უფრო მეტიც, ამის შესახებ მატარებლის გამცილებელმაც გააფრთხილა", – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეს ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.