ბაქრაძე გამარჯვების შემთხვევაში მერაბიშვილს შეიწყალებს

© SPUTNIK / DENIS ASLANOVდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ბაქრაძის განცხადებით, პრეზიდენტი უნდა გახდეს გარანტი იმისა, რომ პოლიტიკური შეხედულებების ან თანამდებობის გამო მომავალში არავის დაიჭერენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატი, დეპუტატი დავით ბაქრაძე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ექს-პრემიერისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის შეწყალებას აპირებს.

ოქტომბრის შუა რიცხვებში მერაბიშვილმა, რომელიც სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე ხუთ წელზე მეტია სასჯელს იხდის, პირველი ინტერვიუ მისცა. როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, მისი შეწყალება ამჟამინდელი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის სარისკო იქნებოდა.

დავით ბაქრაძე: მე ვარ ის კანდიდატი, რომელიც აცხადებს, რომ დაამარცხებს ხელისუფლებას>>>

მერაბიშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მარგველაშვილს სექტემბრის ბოლოს ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" მიმართა, რომელშიც შედის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მსჯავრდებულის შეწყალების უფლება სწორედ პრეზიდენტს აქვს.

„კითხვაზე, შევიწყალებ თუ არა ვანო მერაბიშვილს, დაუფიქრებლად გიპასუხებთ – კი. ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს, რამდენადაც არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უნდა შესრულდეს... პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, უნდა გახდეს გარანტი იმისა, რომ პოლიტიკური შეხედულებების ან თანამდებობის გამო მომავალში არავის დაიჭერენ", – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ბაქრაძემ.

2017 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ 2013 წლის დეკემბერში მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მასზე ზეწოლის საშუალებად იქნა გამოყენებული.

სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. საუბარია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საპატიმროდან საიდუმლო გაყვანაზე. მერაბიშვილის ადვოკატები და ყოფილი მმართველი პარტია მას პოლიტპატიმარს უწოდებენ.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მერაბიშვილი: ვიბრძოლებ, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთიანი იყოს

ბოლო პერიოდში მერაბიშვილი რამდენჯერმე მოხვდა კლინიკაში. ოფიციალური ინფორმაციით, ექს-პრემიერის დიაგნოზია ჰორნერის სინდრომი და ბლეფაროკონიუნქტივიტი.

მერაბიშვილის ადვოკატების მტკიცებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობის სერიოზული კურსის ჩატარებას საჭიროებს.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დააკავეს.

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, "საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. სწორედ დეპუტატ გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მერაბიშვილი ციხეში მოწამლეს? უცხოური ექსპერტიზის შედეგები ცნობილია>>>

გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.

თუ ვადამდე არ გაათავისუფლეს, მერაბიშვილი საპატიმროს 2020 წლის თებერვალში დატოვებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0