თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში უშვილო წყვილებმა სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად შეიძლება დაფინანსება მიიღონ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გუშინ თბილისში ახალი ფონდის „შენთვის" ინიციატივით საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. ფონდის დაარსების მიზანია თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გზით უშვილო წყვილებისთვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, კულტურისა და მასმედიის წარმომადგენლები.
„უამრავი ექიმია აქ შეკრებილი, რომლებიც გავერთიანდით იმისთვის, რათა დავეხმაროთ უშვილო წყვილებს. ეს პრეცედენტი საქართველოში, პრაქტიკულად, პირველია. დღეს ჩვენთან ერთად არიან საფრანგეთის, ისრაელის ელჩები. ამ ქვეყნებში სრულად ფინანსდება ინვიტრო განაყოფიერება და უშვილობის მკურნალობა. ჩვენ გვსურს ეს პრეცედენტი საქართველოშიც დავნერგოთ", – განაცხადა ფონდის „შენთვის" დამაარსებელმა ნინო მუსერიძემ.
საღამოს დასასრულს გაიმართა ქართველი მხატვრების ნახატებისა და ნაკეთობების აუქციონი. შემოსული თანხა უშვილო წყვილებისთვის სამედიცინო პროცედურების ჩატარებას მოხმარდება.
ფონდის დამაარსებელი ნინო მუსერიძე ასოცირებული პროფესორი, მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის ინვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი-პათოლოგანატომი და ემბრიოლოგია.
ფონდს „შენთვის" გაეროს მონაცემები მოჰყავს, რომლის თანახმად, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 30%-ით შემცირდება. ფონდის თანამშრომლების განცხადებით, აუცილებელია უშვილობის მკურნალობის დაფინანსებაში სახელმწიფოს ჩართვა.
არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ხელოვნური განაყოფიერების გზით დაახლოებით სამი ათასი ბავშვი დაიბადა. ეს რიცხვი, შესაძლოა, უფრო მაღალი ყოფილიყო, თუ სახელმწიფო დააფინანსებდა მკურნალობის კურსს, აცხადებენ ფონდში.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ფონდს ელექტრონულ ფოსტაზე shentvis4u@gmail.com დაუკავშირდნენ.