თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 24 წლის მამაკაცი ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ შალაურში, ღამით, სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტი მოიპარა. ამის შემდეგ მან მაღაზიაში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რაც ვერ მოახერხა.
სამართალდამცველებმა ზ.წ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 177-ე მუხლით (ქურდობა და ქურდობის მცდელობა), რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს