მზე, ზღვა და საოცარი თავგადასავლები, ანუ მოგზაურობაში ნაპოვნი ბედნიერება

© FB / Qeti Mamatelashviliქეთი მამათელაშვილი
ქეთი მამათელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოგზაურობა სიახლის, საინტერესო ადგილების, განსხვავებული კულტურის, ტრადიციების აღმოჩენის საბადოა. მოგზაურობის დროს გეძლევა საშუალება, უკეთ შეიცნო საკუთარი თავი და სამყარო.

ქეთი მამათელაშვილი პროფესიით ფინანსისტია და ამავე დროს ქორეოგრაფიც. მოგზაურობა ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. ამბობს, რომ ეს ცეკვის დამსახურებით მოხდა. დღემდე ის 20-მდე ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა თვლის, რომ ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ ელოდება.

– ვიცი, ჩემი ორი პროფესია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ბავშობიდან ვცეკვავ და როდესაც უნივერსიტეტში ვაბარებდი, გადავწყვიტე ქორეოგრაფიულზეც ჩამებარებინა და პარალელურად გამეგრძელებინა ის საქმე, რომელიც მიყვარს და რომლის საშუალებითაც მოვიარე 20-მდე ქვეყანა. ხუთი წლის ვიყავი, როდესაც დედამ შემიყვანა ქართულ ცეკვებზე, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების გალამაზება...

– პირველად როდის გადაკვეთეთ უცხო ქვეყნის საზღვარი, რომელი ქვეყანა იყო და რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

– 2009 წლის თებერვალი იყო, როდესაც პირველად გავედი ქვეყნიდან. პოლონეთში მივდიოდი ჩემ ანსამბლთან ერთად. მახსოვს როგორ სულმოუთქმელად ველოდებოდი ამ დღეს. თბილისის აეროპორტიდან ჩავფრინდით კიევში და შემდეგ მატარებლით უნდა წავსულიყავით პოლონეთში, მაგრამ გზად გაუგებრობა მოხდა და პოლონეთამდე ვერ ჩავაღწიეთ, უკან მოგვიხდა დაბრუნება. აღტაცებული ვიყავი, თუმცა, რა თქმა უნდა, მოლოდინმა ვერ გაამართლა. კიევის ვაგზლის და თბილისის აეროპორტის მეტი არაფერი მინახავს. განწყობას არ ვიფუჭებდი და თავს ვინუგეშებდი, რომ თვითმფრინავში მაინც ვიჯექი. ასე რომ, ჩემი პირველი მოგზაურობა კრახით დამთავრდა.

– რა პრიორიტეტებით არჩევთ ქვეყანას, ქალაქს, სადაც უნდა იმოგზაუროთ?

– რაც აქამდე მინახავს, ეს ყველაფერი ცეკვის დამსახურებაა. უკვე აღვნიშნე, რომ ბავშობიდან ვცეკვავ და, შესაბამისად, ცეკვამ მომცა იმის საშუალება, რომ ქვეყნიდან გავსულიყავი და დამეთვალიერებინა სხვადასხვა ქალაქები, გავცნობოდი მათ კულტურას, ტრადიციებს, ცხოვრების წესს. ამ წლების მანძილზე არ მქონია იმის საშუალება, მე თვითონ დამეგეგმა და მიმეღო გადაწყვეტილება სად წავსულიყავი... თუმცა, რაც გავიზარდე და დამოუკიდებლად შემიძლია გადაწყვეტილების მიღება, ვგეგმავ სხვადასხვა ტურს მეგობრებთან ერთად. ყველგან მიხარია წასვლა, სადაც არ ვარ ნამყოფი. შარშან გაზაფხულზე დავიწყე დამოუკიდებლად გასვლა ქვეყნიდან – ბაქოში წავედი. წელს კი კაბადოკია და აია-ნაპა მოვიარე. მოგზაურობა განათლების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვსწავლობთ წიგნიდან, მოგზაურობისას კი მათ ვხედავთ. შეუძლებელია წიგნებმა აღწეროს ის ემოცია, რომელსაც თავად განიცდი. რაც მეტს მოგზაურობ, მით უფრო კრეატიული ხდები და, შესაბამისად, ბევრი იდეა გებადება, გეხსნება გონება და სახლში სასიამოვნოდ გადაღლილი ბრუნდები.

© FB / Qeti Mamatelashviliქეთი მამათელაშვილი
მზე, ზღვა და საოცარი თავგადასავლები, ანუ მოგზაურობაში ნაპოვნი ბედნიერება - Sputnik საქართველო
ქეთი მამათელაშვილი

– ადგილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ...

– მსოფლიოში მართლაც ბევრი მშვენიერი ქალაქია. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი არის პარიზი. სინათლის, სიყვარულის და ფერების მთელი სამყაროა. „პარიზი არის ქალაქი, სადაც შეიძლება არაფერი გააკეთო, მაგრამ დრო შესანიშნავად გაატარო“. ეს არის ადგილი, რომელიც ერთი ნახვით გიყვარდება. სულმოუთქმელად ველოდებოდი, როდის ჩავიდოდი ჩემი ოცნების ქალაქში. ჩავედი თუ არა, ნანახმა მართლაც გადააჭარბა მოლოდინს. ვცდილობდი თვალს არაფერი გამორჩენოდა და დაკვირვებით ვათვალიერებდი ხალხს, მოჩუქურთმებულ შენობებს. ერთი სიტყვით, პარიზი არის ქალაქი, რომელიც მოგზაურის მოლოდინს 100%-ით ამართლებს. უამრავი რომანტიკული ადგილი, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა, მსოფლიოში ცნობილი მუზეუმები, ტრიუმფალური თაღი, ეიფელის კოშკი, ლუვრი, ღვთისმშობლის ტაძარი და მრავალი სხვა – ყველაფერი ეს პარიზს განსაკუთრებულს და მომხიბვლელს ხდის. ის არის ყველასთვის ერთ-ერთი საოცნებო ადგილი.

– საქართველოს გარდა რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

– ხშირად მიფიქრია ამაზე, მით უმეტეს, ქვეყნიდან გასვლა წელიწადში სულ მცირე ორჯერ მაინც მიწევს. მიხარია და სულმოუთქმელად ველოდები, როდის დადგება ის დღე, როცა მოვკიდებ ჩემოდანს ხელს და გადავეშვები იმ დაუვიწყარ სამყაროში, რომელსაც მოგზაურობა ჰქვია, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. მაქსიმუმ ერთი თვე და სული მეხუთება, სუნთქვა მიჩერდება, ფიქრებით და გონებით ვბრუნდები საქართველოში. ალბათ იმიტომ, რომ აქ მყავს ოჯახი, მეგობრები, ნათესავები და მათ გარეშე არ შემიძლია. განა ღირს ეს ყველაფერი იმად, რომ დატოვო და წახვიდე უცხო ქვეყანაში?

© FB / Qeti Mamatelashviliქეთი მამათელაშვილი
მზე, ზღვა და საოცარი თავგადასავლები, ანუ მოგზაურობაში ნაპოვნი ბედნიერება - Sputnik საქართველო
ქეთი მამათელაშვილი

– ტრადიცია ან კანონი, რომელმაც გაგაოცათ...

– კანონი, რომელმაც ნამდვილად გამაოცა, იყო კვიპროსში. ჩასვლისთანავე პირველი, რაც თვალში მომხვდა, მარცხენა მხარეს მოძრაობაა. გაოცებული და გაკვირვებული ვაკვირდებოდი მანქანების მოძრაობას. ცოტა არ იყოს, დავიბენი კიდეც. დიდად არც გამკვირვებია ის, რომ ქალი მართავს ავტობუსს, მაგრამ რომელ ავტობუსშიც ავიდოდი, ყველგან ქალი იყო მძღოლად, თითქოს კაცები გადაშენდნენ და ქალები მართავდნენ ყველაფერს.

© FB / Qeti Mamatelashviliქეთი მამათელაშვილი
მზე, ზღვა და საოცარი თავგადასავლები, ანუ მოგზაურობაში ნაპოვნი ბედნიერება - Sputnik საქართველო
ქეთი მამათელაშვილი

– არის ქვეყანა, რომელმაც ცუდად დაგამახსოვრათ თავი?

– ასეთი ქვეყანა რატომღაც არ მახსენდება, გარკვეულწილად განპირობებულია წინასწარ შექმნილ წარმოდგენაზე, განწყობაზე. ყოველთვის, როდესაც სადმე მივემგზავრები, დადებითად და კეთილად ვარ განწყობილი და, შესაბამისად, უარყოფითს არ ვაძლევ საშულებას წარმოდგენა დამიკარგოს.

© FB / Qeti Mamatelashviliქეთი მამათელაშვილი
მზე, ზღვა და საოცარი თავგადასავლები, ანუ მოგზაურობაში ნაპოვნი ბედნიერება - Sputnik საქართველო
ქეთი მამათელაშვილი

– ევროპა თუ აზია?

– ევროპა! ალბათ იმიტომ, რომ ძირითადად ევროპაში ვმოგზაურობ. თუმცა აზიაც ძალიან მაინტერესებს თავისი ტრადიციებით, ქვეყნებით, და დადგება ის დღეც, რომ აზიის ხშირი სტუმარიც ვიქნები.

© FB / Qeti Mamatelashviliქეთი მამათელაშვილი
მზე, ზღვა და საოცარი თავგადასავლები, ანუ მოგზაურობაში ნაპოვნი ბედნიერება - Sputnik საქართველო
ქეთი მამათელაშვილი

– ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას და რის მონახულებას აპირებთ?

– ყველას აქვს ოცნებები, მიზნები, ამბიციები. გამონაკლისი არც მე ვიქნები. მაქვს სურვილი ვიმოგზაურო ძალიან ბევრ ადგილზე, ვნახო საინტერესო და ამავდროულად ეგზოტიკური ადგილები. მომწონს ადგილები, სადაც ლამაზი ბუნება და ზღვაა. ამ ბოლო დროს ვაკვირდები ჩემ თავს და მგონი ეგზოტიკური ადგილები ყველაზე მეტად მხიბლავს, ოცნებად მაქვს მოვინახულო ბალი, მალდივები და სოლომონის კუნძულები. ვიმედოვნებ, ოცნებას რეალობად ვაქცევ. რაც შეეხება ახლო მომავალს, თებერვლისთვის ეგვიპტეში მოგზაურობას ვგეგმავ, აი, ზაფხულისთვის კი ჩრდილოეთ ამერიკას ვესტუმრები.

 

ყველა ახალი ამბავი
0