თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოჭადრაკე ქალთა კლუბმა „ნონამ" ევროპის კლუბურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მიიღო. ჩემპიონატი საბერძნეთის პორტო-კარასში დასრულდა.
ფინალში „ნონამ" ფრედ დაასრულა დაპირისპირება პოლონურ „მონტე-კარლოსთან", მაგრამ ტურნირის რეგლამენტით სწორედ პოლონური კლუბი აღიარეს ევროპის უძლიერეს კლუბად. საქმე ისაა, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში გამარჯვებული ხდება კლუბი, რომლის წარმომადგენელმა უფრო „მაღალ" დაფაზე მოიგო. ამ შემთხვევაში ეს ანა მუზიჩუკია, რომელმაც პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძეს მოუგო.
რაც შეეხება სამ დარჩენილ პარტიას, ნინო ბაციაშვილმა მოუგო პიუ კრამლინგს, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა მონიკა სოცკოსა და დეიმანტე კორნეტთან შეხვედრები ყაიმით დაასრულეს.
მესამე ადგილი რუსულმა კლუბმა „იუგრამ" (Югра) დაიკავა.
ამგვარად, „ნონამ" ერთი წლის წინ თურქეთის ანტალიაში მოპოვებული ტიტულის დაცვა ვერ შეძლო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ „მონტე-კარლო" მეშვიდედ გახდა კონტინენტის კლუბური პირველობის გამარჯვებული. ამ მაჩვენებლით „ნონას" მეორე ადგილი უკავია. ქართველი მოჭადრაკე ქალების ანგარიშზე სამი მოგებაა.