თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების გმირები ანიმაციურ რგოლში გააცოცხლეს, რომელსაც ვენაში ლეგენდარული პრიმიტივისტის გამოფენის დამთვალიერებლებს უჩვენებენ.
გამოფენა სახელწოდებით A Wonderer Between Worlds გალერეა „ალბერტინაში" 26 ოქტომბერს გაიხსნება. ექსპოზიციაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ფიროსმანის 29 ნამუშევარი გამოიფინება.
გამოფენის მიზანი ფართო აუდიტორიისთვის ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისა და, ზოგადად, ქართული კულტურის გაცნობაა.
„თვითნასწავლი, ვის ტილოებზეც ხშირად აღბეჭდილია ცხოველები და უძველესი საქართველოს ცხოვრების სცენები, დღეს ავანგარდის გმირია, რომლის გახსნაც ღირს. ნიკო ფიროსმანისთვის შემოქმედება – ფართო, ღია მინდორია. თავად ის მოხეტიალე იყო, რომელმაც გაცნობიერებულად აირჩია ხეტიალი, როგორც ცხოვრების წესი. დაკვეთით შესრულებულ მის ნამუშევრებს ფენდნენ არა მუზეუმებსა და გალერეებში, არამედ სასტუმროებში, სამიკიტნოებსა და მაღაზიებში", – ნათქვამია გალერეის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ალბერტინას მუზეუმში კიდევ ერთი ექსპონატი გამოიფინება – იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით Table Of Pirosmani, რომელიც მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.
გამოფენა 27 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ექსპოზიციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, Infinitart-ის ფონდი და ვინსენტ ვან გოგის ფონდი (საფრანგეთი).