თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგონა, რომელსაც 12 ოქტომბრიდან ეძებდნენ, – ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა გოგონა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს. გოგონას ოჯახის წევრებისა და ახლობლების განცხადებით, იგი საკუთარი სახლიდან რამდენიმე ბიჭმა გაიტაცა.
შსს-ს მონაცემებით, გოგონას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ამ დროისათვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც მოხდება მისი გამოკითხვა.
რაც შეეხება ბრალდებულებს და გოგონას გატაცების ფაქტს, შსს-ში აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება გრძელდება.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით), რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.