თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერმა, „მილანის" ყოფილმა მცველმა კახა კალაძემ უეფას ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ქართველი ფეხურთელები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.
ქართულმა გუნდმა ლატვია 3:0 დაამარცხა გასვლით მატჩში და ტურნირის ნახევარფინალში გასვლა ვადამდე გაინაღდა.
„მინდა, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გუშინდელი გამარჯვება კიდევ ერთხელ მივულოცო. შეხვედრა მართლაც ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს. მეამაყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნაკრებს ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს. თითოეული ქომაგი, გულშემატკივარი ველოდებით ამ დღეს", - განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ რეფორმებზე.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რაც ფეხბურთის ფედერაციამ განახორციელა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელისა და თითოეული ფეხბურთელის როლი. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და დარწმუნებული ვარ, სხვა შეხვედრებშიც გაგვახარებენ", - აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერი თბილისელებთან ერთად მატჩის მიმდინარეობას სიონის ქუჩაზე დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს.
ამ გათამაშებაში საქართველოს ნაკრებს ჯგუფური სტადიის ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ქართველი ფეხბურთელები 15 ნოემბერს გასვლით მატჩში ანდორას შეხვდებიან, ხოლო ოთხი დღის შემდეგ თბილისში ყაზახეთის გუნდს უმასპინძლებენ.