თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოდური მოვლენის, თბილისის მოდის კვირეულის (Tbilisi Fashion Week) პროგრამა ცნობილია.
თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი, რომელიც 18-21 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება, ტრადიციულად, ქართული ხელოვნებისა და კულტურის ლეგენდას მიეძღვნება. წელს ღონისძიების მთაარი გმირი ცნობილი მსახიობ კახი კავსაძის მეუღლე, კინოსა და თეატრის მსახიობი ბელა მირიანაშვილი იქნება.
ღონისძიება მთაწმინდის პარკში, 19:30 საათზე გაიხსნება.
Tbilisi Fashion Week-ს ბრიტანელი, რუსი და უკრაინელი დიზაინერები ეწვევიან>>>
მიუხედავად იმისა, რომ ბელა მირიანაშვილი მხოლოდ ხუთ ფილმშია გადაღებული, მსახიობმა მოახერხა ქართულ კინემატოგრაფიაში საკუთარი კვალის დატოვება. ბელა მირიანაშვილმა საკუთარი სიტყვა თქვა თეატრალურ სამყაროშიც. სამწუხაროდ, კინო და სცენა მსახიობმა 30 წლის ასაკში დატოვა მძიმე ავადმყოფობის გამო.
ჩვენებების უმეტესობა ღვინის მარნებსა და ისეთ ადგილებში გაიმართება, რომელიც უცხოელი სტუმრებისთვის იქნება საინტერესო.
19 ოქტომბერს, ღონისძიება მულტიფუნქციურ სივრცე „ღვინის ქარხანა №1"-ში გაგრძელდება. ამ დღეს თბილისის მოდის კვირეულს ქართველი დიზაინერის ლაშა ჯოხაძის (19:00) ჩვენება გახსნის. შემდეგ წარმოდგენილი იქნება Miro-ს (რუსეთი, 20:00), Ethere Accessories-ის (საქართველო, 20:30), NARGIS Georgia New Issue Presentation-ის (საქართველო, 21:30) კოლექციები.
რაც შეეხება 20 ოქტომბრის პროგრამას, ამ დღეს „ღვინის ქარხანა №1"-ში SAYA-ს (უკრაინა,15:00), Korsava-ს (საქართველო,16:00), MakMari-ს (17:00), Mao-ს (საქართველო, 18:30) და RUARUA-ს (საქართველო, 19:00) კოლექციები გამოიფინება. ქართველი დიზაინერის ლაშა დევდარიანის ჩვენება სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ პავილიონ „ჩაიხანაში“ 20:30 საათზე დაიწყება.
არანაკლებ მრავალფეროვანი და დატვირთული იქნება 21 ოქტომბერი. ამ დღეს რესტორან „ქალაქში“ საკუთარ კოლექციებს წარმოადგენს Atelie Martha (საქართველო, 13:30), Tsite (საქართველო, 15:30), Rosella May (დიდი ბრიტანეთი, 17:30), ხოლო „ღვინის ქარხანა №1"-ში კი 1377 (რუსეთი, 20:30). ქართველი პოპულარული დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის ჩვენება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) 21:30 საათზე გაიმართება.
სეზონის სიახლე ეკოლოგიური თემატიკა იქნება. მოდის კვირეულზე გლამურული ეკობაზარი მოეწყობა, რომელიც სტუმრებს შესთავაზებს ქართულ ეკოპროდუქციას, მათ შორის ეკოღვინოს, ეკოყველს და ა.შ.
„ამ სეზონზე ჩვენ გადაწყვიტეთ ეკოლოგიის სფეროში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოსაწვევები არ დავბეჭდოთ და მათ ნაცვლად იქნება მხოლოდ ელექტრონული მოსაწვევები. ჩვენ ვუერთდებით ეკოლოგიურ თემატიკას და მომავალში ამ მიმართულებით ახალ პროექტები გვექნება“, - განაცხადა თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თაკო ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე.
მომავალ წელს ქართველი დიზაინერები ეკომასალები შექმნიან საკუთაარ კოლექციებს. ორგანიზატორების სიტყვებით, ამ ფორმით თბილისის მოდის კვირეული Eco Fashion Week-ად, ხოლო საქართველო ნატურალური მასალების მწარმოებლად გადაიქცევა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით წლევანდელ ღონისძიებას 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა, მათ შორის, Vogue, Elle, Harper's Bazaar გააშუქებს.
თბილისის მოდის კვირეული თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების მხარდაჭერით იმართება.