მერაბიშვილი: ჩემი შეწყალება საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალზე სარისკოა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილმა პრემიერმა ხუთი წლის განმავლობაში პირველი ინტერვიუ მისცა

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ მისი შეწყალება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის სარისკო იყო.

მერაბიშვილმა, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე იხდის, პატიმრობიდან ხუთი წლის შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა ოპოზიციურ ტელეარხს Rustavi2. საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრის შეწყალების ექსკლუზიური უფლება ქვეყნის პრეზიდენტს აქვს.

„მე როგორც ვიცი, ფორმალურად, პრეზიდენტს რომ სურვილი ჰქონოდა შეწყალების, ამის პრობლემა არ ჰქონდა. მე ვერ წარმომიდგენია და არც ვთვლი საჭიროდ, რომ ვინმე დავაყენო დარტყმის ქვეშ. მარგველაშვილმა კარგად იცის, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა", - განაცხადა მერაბიშვილმა.

სექტემბრის ბოლოს ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" სახელმწიფოს მეთაურს ვანო მერაბიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა.

ექს-პრემიერი ბოლო დროს საავადმყოფოში რამდენჯერმე მოხვდა. მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი, ჰორნერის სინდრომი და ბლეფარო-კონიუნქტივიტი აქვს.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
ექს-პრემიერი მერაბიშვილი საპატიმროში დააბრუნეს

მერაბიშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მას სერიოზული მკურნალობის კურსი სჭირდება.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს.

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. სწორედ დეპუტატ გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.

თუ ვადამდე არ გაათავისუფლეს, მერაბიშვილი 2020 წლის თებერვალში დატოვებს საპატიმროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0