ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მე ოფიდიოფობი, გველი - მასპინძელი

© Sputnik / Shota Nozadzeტერარიუმი
ტერარიუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik საქართველოს“ ჟურნალისტი შოთა ნოზაძე ერთი დღით თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმში ქვეწარმავლებს სტუმრად ეწვია და გადაწყვიტა შემოგთავაზოთ სტატია, რომლის გამოც ჟრუანტელი დაგივლით.

იმ ერთი წყეული ხილის გამო ჩვენ უკვდავები ვერ ვართ. მე კი ახლა ვზივარ და ვფიქრობ, როგორ გამოვასწორო შენი შელახული რეპუტაცია, ხალხი შენს დანახვაზე უკან მოუხედავად რომ აღარ გარბოდეს. შენი მოკვლისთვის რომ ჯილდოა დაწესებული თუ იცოდი?  ამბობენ, რომ „40 ცოდვის მიტევება მას, ვინც ამ უწმინდურ არსებას მოკლავს!“ ეგ კი არა სიზმარშიც არ უყვარხარ არავის. ნეტავ თავად თუ გესიზმრება ადამიანი? ტერარიუმშიც კი შემოვედი შენს გამო. კარგია ის მაინც რომ მოახერხე სიბრძნის სიმბოლო გამხდარიყავი. ვეცდები რამე მოგიხერხო, ამ კუთხით დავიწყო საუბარი შენზე და გავაგრძელო შენს ცხოვრებაზე, ოღონდ მანამდე ხილს შევჭამ, დამელოდე...

© Sputnik / Shota Nozadzeტერარიუმი
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მე ოფიდიოფობი, გველი - მასპინძელი - Sputnik საქართველო
ტერარიუმი

როდესაც საყვარელ არსებებზე ვსაუბრობთ, დიდი ალბათობით გველები არასდროს გვახსენდება, რადგან მათი არც თუ ისე საამაყო რეპუტაცია, სიყვარულის გაღვივებაში ხელს გვიშლის. თუმცა ფაქტია, რომ მათი ორი თვისება, ალეგორიულად გაგებული, ადამიანისთვის მარადიულად აქტუალურია: „იყავით გონიერნი, ვითარცა გველნი...“ და „განახლება“. ერთის მხრივ ეს ნიშნავს, რომ ორიენტირებულნი ვიყოთ ცვლილებებზე, ყველა საქმეში გვწყუროდეს ახლის და უკეთესის აღმოჩენა და ამ გზით ყველაფრის განახლება ჩვენს გარშემო. მეორეს მხრივ კი ადამიანებმა შევინარჩუნოთ ნათელი გონება და ყველა გაგებით ჯანსაღი თავი.

© Sputnik / Shota Nozadzeტერარიუმი
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მე ოფიდიოფობი, გველი - მასპინძელი - Sputnik საქართველო
ტერარიუმი

თავს კი უფრთხილდები, მაგრამ რეპუტაციას არა. შენი რეპუტაცია მაშინ ამაღლდა, როცა ჩვენგან განსხვავებით შენ თავაზიანად მიმიღე. ბოლოს და ბოლოს შენ ხომ თბილისის ზოოპარკის „ფუძის ანგელოზი“ ხარ. შენზე მითხრეს ბოა ჰქვია და მახრჩობელასებრთა ოჯახიდან არის, 16 წლის, არ შეგეშინდესო. ცოტა შემეშინდა, მე ხომ პირველად მყავდი შარფივით შემოხვეული.

გამთენიისას, ცხრა საათზე დავიწყე შენი ტერარიუმის დასუფთავება. შენთან ბოდიში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შენი შხამისგან დასვრილი შუშა გავწმინდე და განავლიანი სახლიც კი დაგილაგე, გამოგკვებე თაგვებით და ვირთაგვებით. კვირაში ერთხელ საკმარისია შენი სადილი. წყალი გამოგიცვალე და განათება დავამატე რომ არ შეგცივდეს. ეგრე ხომ ყველას შევუყვარდებოდი... კიდევ ერთი საერთო თვისება გიპოვეთ შენ და ადამიანებს...

© Sputnik / Shota Nozadzeტერარიუმი
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მე ოფიდიოფობი, გველი - მასპინძელი - Sputnik საქართველო
ტერარიუმი

პირველად შენგან გავიგე, რომ თუ შენი შხამით „სადილს“ არ მოკლავ, მონელება გიჭირს. რას ვიზამთ, ზოგჯერ ჩვენც ვკლავთ ჩვენი „შხამით“ ცხოველებს იმისთვის, რომ სუფრა დაგვიმშვენონ. შენ კი მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში იკბინები – პირველი არასდროს ესხმი თავს არც ადამიანს და არც ცხოველს. პირიქით, გირჩევნია, მოწინააღმდეგეს გაეცალო. ჯავრი შეიძლება წლების შემდეგაც კი იყარო, ოღონდ არა შენს ფუძეში. გახსოვს კანს რომ იცვლიდა შენი 18 წლის ძმა? ლამაზი სანახავი იყო. ისე მედიდურად ბრწყინავდა, როგორც მეფის გვირგვინი - რეპუტაცია დაკარგული მეფის გვირგვინი...

შენით შთაგონებულები მაგიურ პოემებსაც კი წერენ. ხალხს სჯერა, რომ მაგიურ „გველის პერანგს“, ანუ შენს გამონაცვალ ტყავს თუ სადმე გადაეყრებიან ხიფათისგან დაიცავთ. ხალხს ყოველთვის რაღაცის სჯერა... ეგ კანი სულ ხელით გავიტანე შენი სახლიდან „ფუძის ანგელოზო“. მთელი დღე მსახურად დაგიდექით შენ და შენს მოდგმასაც, მაგრამ სანაცვლოდ რა? მე უკვდავი მაინც ვერ ვარ...

© Sputnik / Shota Nozadzeტერარიუმი
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მე ოფიდიოფობი, გველი - მასპინძელი - Sputnik საქართველო
ტერარიუმი

ზოგი რამ ფასეულია იმის გამო, რომ მარადიული არ არის. არც ადამიანების სიძულვილია მარადიული შენს მიმართ და არც მეფის გვირგვინი.

შუადღეს ბავშვები მოვიდნენ, შენც მაშინვე გამოცოცხლდი, მათთან მივედით და სურათების გადაღების დროს ბრძენის სახე მიიღე. სასაცილო იყავი, ფრთხილად რომ გეფერებოდნენ და შენ განაბული უყურებდი ადამიანებისგან მიუჩვეველ მოპყრობას. ნამდვილი მომვლელი ვინც გყავს მაგასთან იმედიანად იგრძენი თავი, მე კი არ შემეჩვიო. ეს უბრალოდ ერთ დღიანი გასეირნება იყო. მართალია შენ სმენის ორგანო არ გაქვს, მაგრამ კარგად გრძნობ. იმედი მაქვს, შენც კარგი შთაბეჭდილება დაგრჩა ჩემზე და ჩემს რეპუტაციაზე... მე კი წავალ და ისევ ხილს შევჭამ...

მაინც მინდა სიმართლე გითხრა - ახალ წელს შენს თავს საჩუქრად ვერავის მივუყვან, მაგრამ მე რომ მომიყვანონ, ვერონიკას ყვავილს არ დაგახვედრებ და სახლში შემოგიშვებ...

 

ყველა ახალი ამბავი
0