თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. თელავში ყოფილი „ინტურისტის“ შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აღნიშნული შენობა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებშია აგებული და თელავის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, სპეციალისტების აზრით, სეისმურად მდგრადი არ არის.
ახალი პროექტით, 12-სართულიანი შენობის ადგილას 5-სართულიანი სასტუმროს აშენება იგეგმება. სასტუმროს კონცეფციის მთავარი აქცენტები ღვინის თემატიკა და გასტრონომია იქნება.
პროექტის მიხედვით, ახალი 130-ნომრიან სასტუმროში იქნება ორი საცურაო აუზი, განსაკუთრებული ინტერიერი და ხედები. ამასთან, დაცული იქნება სასტუმროს შენობის ქვეშ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ვახვახიშვილების XVIII-ე საუკუნის უნიკალური მარანი.
ენგურჰესის პროექტირების დასრულების შესახებ ახალი ვიდეორგოლი გავრცელდა >>
უფუნქციოდ დარჩენილი ყოფილი „ინტურისტის“ შენობის დემონტაჟი აფეთქების ნაცვლად, ხელით განხორციელდება.
სასტუმროს მშენებლობისთვის 10-13 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. მშენებლობას სს „m² უძრავი ქონება" განახორციელებს. სააქციო საზოგადოება „კახეთს“ Golden Tulip-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო ჯერ კიდევ 2017 წლის შემოდგომაზე უნდა გაეხსნა, თუმცა კომპანიამ ვერ შეძლო პროექტის განხორციელება და გადაწყვიტა ვალდებულებები „ემ კვადრატისთვის“ გადაეცა.