თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. ესტონურმა კომპანია KOKO architects-მა თბილისის ტელეანძის ტურისტულ ცენტრად გარდასახვის ორი კონცეფცია წარადგინა, იუწყება ტელეკომპანია Iberia TV.
პირველი კონცეფცია გულისხმობს 70 მეტრ სიმაღლეზე სამკუთხედის ფორმის ორსართულიანი კონსტრუქციის მშენებლობას, სადაც განთავსდება რესტორნები, ბარები, ტერასა, ლაუნჯი, კონფერენც-დარბაზი და ტელეანძის ტექნიკური ოთახები.
მეორე კონცეფცია მსგავსი ფუნქციის მქონე მრგვალი კონსტრუქციის მშენებლობას გულისხმობს.
ესტონელი არქიტექტორების პროექტმა საქართველოში არქიტექტორებისა და ურბანისტების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ორივე ვარიანტი პრობლემურად და დაუსრულებლად მიიჩნიეს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს საერთოდ არ დაუშვან ამ პროექტის განხორციელება და თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობის დაცვის კომიტეტის შექმნა გადაწყვიტეს.
ორგანიზაცია „მებაღე პარტიზანების“ ლიდერმა, ნატა ფერაძის თქმით, ტელეანძაზე ამ პროექტის განხორციელება იგივეა, რომ „ქართვლის დედას“ ულვაშები გაუკეთდეს.
„ტელეანძისთვის ახალი ფუნქციების მინიჭების იდეა ძალიან კარგია, მაგრამ ანძის ვიზუალის შეცვლა არ შეიძლება... შედეგად მივიღებთ სხვა ტელეანძას, რაც მიუღებელია, რადგან ეს ძეგლია“, - განაცხადა თბილისზე მზრუნველი მოქალაქეების გაერთიანების, „თბილისის ჰამქრის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
თბილისის მერია დიღმის ტყე-პარკის ქალაქისთვის დაბრუნებას გეგმავს >>
ტელეანძის ტურისტულ ცენტრად გადაქცევის კონკურსი მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა.
თბილისის ტელეანძა 1972 წელს აშენდა და მისი სიმაღლე 274,5 მეტრს შეადგენს.