თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მოქალაქეებს მოუწოდა ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარონ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
როგორ დავიცვათ ბავშვები შემოდგომა–ზამთარში გავრცელებული გრიპისგან >>
სპეციალისტების მტკიცებით, ოქტომბერი ამისათვის საუკეთესო თვედ ითვლება. გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება რეკომენდებულია ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, რადგან მათ გრიპი უფრო მძიმედ გადააქვთ.
„ვაქცინებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება მოკლებულია რეალურ საფუძველს და ძალიან ცუდია, თუ მოსახლეობაში ასეთი დამოკიდებულება არსებობს იმიტომ, რომ ვაქცინა არის მსოფლიო მიღწევა და უარი არ უნდა ვთქვათ ამაზე. მითუმეტეს მაშინ, როცა სახელმწიფო თავისი სახსრებით სთავაზობს ადამიანებს ყველაზე უსაფრთხო და პროფილაქტიკურ საშუალებას“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ხაზაშვილმა.
ყოველწლიურად ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრბი პოლიკლინიკებს აწვდიან 30 ათასამდე ვაქცინას, რათა აცრა მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებმა უფასოდ გაიკეთონ. ამ ჯგუფს მიეკუთვნება 18 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადებების (დიაბეტი, დიალიზი) მქონე პირები, თავშესაფრებში მცხოვრები ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები და მათი მომსახურე პერსონალი. რისკის ჯგუფში ასევე შედიან სამედიცინო დაწესებულებების მიმღებში მომსახურე, სასწრაფო დახმარების, რეანიმაციის, დიალიზისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების პერსონალი.
დანარჩენი მოქალაქეებისთვის აცრა ფასიანია.
საქართველოში უკვე შემოსულია გრიპის საწინააღმდეგო ჰოლანდიური ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ არის რეკომენდებული. ნებისმიერ მსურველს მისი შეძენა აფთიაქში შეუძლია. პრეპარატის ფასი 30 ლარია.
ქართველი მედიკოსების თქმით, ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული ნებისმიერი ვაქცინა უსაფრთხო და აპრობირებულია.
საქართველო გრიპის ეპიდემიის ზღვარზეა – ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს >>
სპეციალისტების თვალსაზრისით, აცრა გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტური მეთოდია და დაინფიცირების რისკს 50-60%-ით ამცირებს. ბავშვებს აცრა 6 თვის ასაკის შემდეგ უტარდებათ.
სასურველია, აცრა ჩატარდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე. ავადმყოფობის დროს ვაქცინაცია დაუშვებელია.