თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. ნატახტრის ტერიტორიაზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურებით დატვირთულ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება პოლიტიკოსის Facebook-გვერდი.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გადაჰქონდა ტვირთი თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით.
„სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ - სარეკლამო მაისურებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზურაბიშვილის შტაბი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად გამოიძიოს ეს ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები.