თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. ვერც ერთი გარდაცვლილი პირი ვერ მოხვდება საარჩევნო სიაში, რომლის გარდაცვალების შესახებაც სახელმწიფოს ინფორმაცია აქვს, იუწყება ტელეკომპანია Imedi სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოს თავმჯდომარის, სოსო გიორგაძის განცხადებაზე დაყრდნობით.
გიორგაძის განმარტებით, გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიცირებისთვის და საარჩევნო სიიდან ამოსაღებად 20 ათასამდე სავარაუდო მისამართზე საველე სამუშაოები ჩატარდა.
„დადასტურდა და სიიდან 8 ათასი გარდაცვლილი ადამიანი ამოვიღეთ. ასევე საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა, რომ გარდაცვალება დარეგისტრირდეს ისეთი მარტივი საფუძვლით, როგორიც არის საბაჟოზე გარდაცვლილი პირის გადმოსვენება“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ.
სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, საუბარია ისეთ პირებზე, რომლებიც საზღვრებს გარეთ, ან საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაიცვალნენ და მათ შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს ოფიციალურად არ მიუღია.
ასევე, დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადმოცემულ მონაცემებში 3 558 437 პოტენციური ამომრჩეველია.
ხმის მიცემა შეუძლია მოქალაქეთა სიაში დარეგისტრირებულ 18 წელს ზევით ასაკის თითოეულ მოქალაქეს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში განაცხადა, პოტენციურ ამომრჩეველში იგულისხმებიან ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ აწვდის, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადასცემს მოთხოვნის შესაბამისად.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში პრეზიდენტობის 25-მა კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია.