საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა უფასოდ: აქცია გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი თბილისში
იუსტიციის სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებზე პირადობის მოწმობებს უფასოდ გასცემს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება, ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე.

მამუკა ბახტაძე და ვლადიმირ გროისმანი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში წასვლას პირადობის მოწმობით შეძლებენ

შესაბამის ბრძანებას იუსტიციის მინისტრმა მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უკვე 98 246-მა მოქალაქემ მიიღო უფასოდ.

როგორც სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე განმარტავს, საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით დაწყებული აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან რამდენიმე კატეგორიის მოქალაქეები თავისუფლდებიან. ესენი არიან:

  • საქართველოს ის მოქალაქეები, მათ შორის არასრულწლოვნები, რომელთაც 1 იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი, 
    ვის სახელზეც 2018 წლის 1 მარტამდე გაცემული არ იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი;
  • მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
  • მისამართის გარეშე რეგისტრირებული, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები;
  • მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი;
  • ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საზოგადოებას აცნობებს, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ ისარგებლონ აქციით, უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

„აქციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურის გადახდისგან“, — ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სააგენტო იქვე განმარტავს, რომ  აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

 

ყველა ახალი ამბავი
0