თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა საფოსტო მარკამ „EUROPA 2018 - ბესლეთის ხიდი" ევროპის მარკების კონკურსზე მესამე ადგილი მოიპოვა, ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპული მარკების კონკურსი ევროპის საფოსტო გაერთიანება PostEurop-ის ეგიდით ყოველწლიურად იმართება. საკონკურსო თემას PostEurop-ის მარკებისა და ფილატელისტების სამუშაო ჯგუფი ირჩევს. წლევანდელ თემას ხიდები წარმოადგენდა. კონკურში, სადაც ხმის მიცემა სპეციალურ ვებ-გვერდზე ონლაინ მიმდინარეობდა, 57 საფოსტო მარკა მონაწილეობდა.
„საქართველოს ფოსტის“ მიერ კონკურში წარდგენილი იქნა ქართული საფოსტო მარკა „EUROPA 2018 - ბესლეთის ხიდი". მარკაზე აღბეჭდილია XII საუკუნის ქართული მატერიალური კულტურის უნიკალური ძეგლი ბესლეთის ხიდი, მას ასევე თამარის ხიდსაც უწოდებენ", – ნათქვამია განცხადებაში.
ბესლეთის ხიდი სოხუმთან, მდინარე ბესლეთზე მდებარეობს. იგი ერთმალიან თაღოვან ხიდს წარმოადგენს, რომელიც ნაგებია კირქვის ფილებით დუღაბზე. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე იდგა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ასევე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიკარგა. ბესლეთის ხიდს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული ძეგლის სტატუსი.
„საქართველოს ფოსტის“ ცნობით, საფოსტო მარკები EUROPA მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მარკებს წარმოადგენს, რომელიც სპეციალურად იბეჭდება ევროპის საფოსტო ოპერატორების მიერ PostEurop-ის ეგიდით.
პირველი საფოსტო მარკა სიმბოლოთი EUROPA 1956 წელს გამოიცა დასწორედ ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი ევროპული მარკების კონკურსს.