თბილისი,7 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე კონკასთან არსებულ სკვერში კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნა, ნათქვამია დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ გაანცხადებაში.
რევაზ ლაღიძის ბიუსტის ავტორი მოქანდაკე თენგიზ აბრამიშვილია.
ცნობილი კომპოზიტორის ბიუსტი, რევაზ ლაღიძის ოჯახის წევრებთან ერთად, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა. მას არაერთი შესანიშნავი კომპოზიცია აქვს შექმნილი. იმისთვის, რომ მთელ ქვეყანას ეღიარებინა, „თბილისოც“ საკმარისია. მან საკმაოდ ახალგაზრდამ, 38 წლის ასაკში დაწერა ეს სიმღერა და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დედაქალაქის ჰიმნად იქცა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიუსტის გახსნა თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბიუსტის ავტორის თენგიზ აბრამიშვილის განცხადებით, პორტრეტი ბრინჯაოშია ჩამოსხმული და მასზე განთავსებული წარწერა ნოტებზეა აგებული.
„თბილისში „თბილისოს“ ავტორის ძეგლი არ იდგა და ბიუსტის შექმნის იდეაც სწორედ ამიტომ დამებადა. ამაზე სამუშაოდ რამდენიმე წელი დამჭირდა. მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჩემი ნამუშევარი გამოარჩიეს. ადგილთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. საბოლოდ კი, შეირჩა ძველი თბილისის უბანი, სადაც ძველი არქიტექტურა თანამედროვეობასთან არის შერწყმული“, - აღნიშნა აბრამიშვილმა.
დედაქალაქის მერთან ერთად, ბიუსტის გახსნას საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
ბიუსტის გახსნის შემდეგ ბარათაშვილის ქუჩაზე ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართა და მათ რევაზ ლაღიძის კომპოზიციები შეასრულეს.
დღესვე პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა კონცერტი „ჩემო თბილის ქალაქო“ გაიმართება, რომელიც ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება.
რევაზ ლაღიძის სახელთან სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებები და არაერთი ცნობილი სიმღერაა დაკავშირებული.
მას ეკუთვნის ოპერა „ლელა“ , მუსიკალური კომედიები „მეგობრები“ და „კომბლე“, სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის“ ,სიმფონიური სურათი „საჭიდაო“ , რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა („სიმღერა სამშობლოზე“, „ბალადა ვაზზე“, „ოდა მესხეთზე“, „მოხეური ბალადა“ და სხვა). მისი სიმღერები იშვიათი მელოდიურობითა და გულწრფელობით გამოირჩევა. განსაკუთრებით პოპულარულია მისი „სიმღერა თბილისზე“.